
ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხების ქვეკომიტეტში, აშშ-ის სენატში მოსმენის დროს გამოსულმა უკრაინის პრეზიდენტთან არსებული მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რატომ სჭირდება უკრაინას ლეტალური იარაღი.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იშვიათია შემთხვევა, როცა ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყანას წარმოადგენს და მის ინტერესებს იცავს, მაგრამ მისივე თქმით, ეს გასაგებია, რადგან უკრაინა და საქართველო ერთად დგანან ბრძოლის ხაზზე.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აუცილებელია უკრაინელებისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, განსაკუთრებით კი ტანკსაწინააღმდეგო სისტემების, რათა ამ ქვეყანამ თავის დაცვა შეძლოს. მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება, ამ ქვეყნის ხელშეწყობა, რომ იქ სიცოცხლისუნარიანი, ძლიერი უკრაინული დემოკრატია ჩამოყალიბდეს, ამერიკის უსაფრთხოების გარანტიაცაა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, "როცა რუსეთი დარწმუნებულია, რომ ტერიტორიების ოკუპაციის სანაცვლოდ მცირე ფასის დათმობა მოუწევს, ის მიიტაცებს ამ ტერიტორიას". სააკაშვილმა პუტინის მიერ განვლილი კარიერული გზაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს უკვე მისი მმართველობის მე-6 ჯერია.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს დასავლეთში უკრაინის შეიარაღების წინააღმდეგ სწორედ ის არგუმენტები ისმის, რომელთა მცდარობა საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა. მან გაიხსენა, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე მკაცრი ემბარგო იყო დაწესებული:
"მაშინაც და ახლაც, კრიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებამ, შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ხელახალი პროვოცირება გამოიწვიოს, მაგრამ ამ არგუმენტების მოხმობისას არ ითვალისწინებენ ყველაზე მთავარს: პუტინის მიზანია, დაამხოს ხელისუფლება უკრინაში და მთლიანად გამოიწვიოს უკრაინული დემოკრატიის დესტაბილიზაცია", - აღნიშნა სააკაშვილმა სენატში გამოსვლისას.
ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს. შენიშვნა: მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა 27:00 წუთიდან.