
„ქრონიკა+“-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარული აუდიოჩანაწერის გაშიფრულ ვარიანტში ირაკლი ოქრუაშვილი და ვალერი ხაბურძანია საქართველოში ოქრუაშვილის გააქტიურების საკითხზე მოსკოვთან შეთანხმებაზე საუბრობენ.
საუბარი, სავარაუდოდ, 2011 წელსაა ჩაწერილი, როცა ბიძინა ივანიშვილს უკვე გაკეთებული აქვს განცხადება ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. საუბარში ირაკლი ოქრუაშვილი და ვალერი ხაბურძანია ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილის გეგმები გამოიცნონ, თუმცა, ვერ თანხმდებიან, ის „მიშას თამაშს“ თამაშობს თუ „რეალური ცვლილება“ სურს.
ირაკლი ოქრუაშვილი ჰყვება, რომ საფრანგეთში ყოფნის დროს რამდენჯერმე სცადა შეხვედრა ივანიშვილთან, მაგრამ მან თავი აარიდა, ხოლო მოსკოვში ჩამოსულს უთხრეს, რომ ივანიშვილი აქ იყო, თუმცა, განუმარტეს, რომ „ზემოდან მისი შეწუხების უფლება არ მისცეს“, მათი ნათქვამი კი თავად ბიძინამ აირიდა.
ვის ესაუბრებოდა მოსკოვში ამ თემებზე ოქრუაშვილი, ან რას უწოდებენ ოქრუაშვილი და ხაბურძანია „კანტორას“, საუბრიდან არ ჩანს, თუმცა, ვალერი ხაბურძანია ოქრუაშვილს ურჩევს, „აქაური კანტორის“ საქმიანობას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევს: „საკითხი როგორც კი დადგება, იმ წუთასვე გადაწყდება, რა... მე ხომ ახლა ის კაცი არა ვარ, რომ დაგიწყო, კი, კი, კი, არ არის საჭირო, როგორც კი დადგება, მეც დამიძახებენ, შენც დაგიძახებენ და...“ - ეუბნება ოქრუაშვილს ხაბურძანია.
იქვე თვითონ ხაბურძანია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მინისტრად მუშაობის დროს შეხვდა და ამ მხრივ ერთადერთი მინისტრია. მისი თქმით, „შევარდნაძეს თვალები დაუსისხლიანდა, რომ ვუთხარი, ივანიშვილს შევხვდი-თქო. გული არ გაუსკდეს-მეთქი“, - ამბობს ის.
ორივე ყოფილი მინისტრი ადასტურებს, რომ თუ საჭიროება დადგება, ისინი მზად არიან, საქართველოსთან მიმართებაში ჩაერთონ, ორივე ახსენებს „რესურსს“. ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ მას „იარაღი, მანქანები“ აყიდინეს და არ გაატარეს:
„მე მაგისი მეშინია, მაგის დედაც მო***ან, კაი, იარაღიც მაყიდინეს, მანქანებიც მაყიდინეს, ამდენი ხალხი აქ მიყრია, ამხელა ზარალი მივიღე, გაბანკროტების დონე, ზარალი მივიღე, ხ*ი ს ნიმ, ფეხებზე მკიდია ეგ.
სიტუაცია რომ ხელიდან გავუშვა და კიდე არ გამატარონ, მერე უკვე დანძრეული მაქვს. დამთავრებული ამბავია, იქ ისე შეიფუთება ერთ თვეში, ორ თვეში სიტუაცია, მერე გინდა უკაკუნე „კრიშაზე“, გინდა გრანატამიოტი ესროლე, არაფერი აღარ გამოვა...“
ირაკლი ოქრუაშვილი იქვე უყვება ვალერი ხაბურძანიას იმის შესახებ, რომ საქართველოში წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა კონსულტაციები რუსეთში გაიარა და ისე წავიდა თბილისში:
„მოდის ტიპი და მეუბნება- აქ არის მოსკოვშიო, „დავაი“, მე ვუთხარი, თუ აქ არის, მაგაზე კაი შანსი რა გინდათ, ძმაო, ხოდა, შევაწუხეთო ჩვენცო, ცოტა ზემოდანაც არ მოგვცეს შეწუხების ბოლომდე საშუალება და თვითონაც აირიდა თემაო, წავიდა უკვეო, მე ვიფიქრე, მეთქი ან ამათ რომ აუტალახეს თავის რაღაც წინ საქმეებზე, შეიძლება უკან დაიხიოს, ამას მე გიყვები, დაახლოებით, წავიდა სადაც თქვეს, ივნისის ბოლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ტიპმა აქ რაღაც მოილაპარაკა, ადგა და წავიდა.“