
ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლი და ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსკლუზიურ ინფორმაციას ამხელს.
„მინდა, გითხრათ ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც არასდროს მითქვამს აქამდე და თავს ვიკავებდი.
მე მაქვს ერთი ფაქტი მიწოდებული პროკურატურისთვის, რომელიც არ გახმაურებულა.
ჩემთვის ცნობილი გახდა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს, რა სცენარიც დაიდგა საბურთალოს ბინაში. ამ პიროვნების სახელი და გვარი ვიცი და პროკურატურას ვუთხარი.
ერთი წლის წინათ, როცა დაკითხვაზე ვიყავი. მე სახელისა და გვარის გარდა, პროკურატურას ასევე ვუთხარი ამ ადამიანის ადგილსამყოფლის შესახებაც. დაიწყეს ძიება და დაადგინეს, რომ ამ პიროვნებამ საქართველოს საზღვარი დატოვა სამი დღით ადრე ჟვანიას გარდაცვალებამდე.
ზუსტად გეუბნებით, როგორც იყო: მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ არსებობს ადამიანი, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს, მათ შორის გვამების სახლში მიტანას, ის პიროვნება გაიყვანეს საქართველოდან ზურას გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ როცა პროკურატურამ მოიძია ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი ზურას გარდაცვალებამდე იყო გასული საქართველოდან.
მე მქონდა თხოვნა პროკურატურის მიმართ, რომ საფუძვლიანად შეესწავლათ, რადგან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უამრავი პასპორტი ჰქონდათ და კაცმა არ იცის, როდის შემოდიოდნენ და გადიოდნენ საზღვარზე. მე მინდოდა, რომ საერთაშორისო კავშირების გამოყენებით დაედგინათ, რეალურად, რომ გავიდა ქვეყნიდან 2005 წლის თებერვალში, მას მერე საქართველოში არ ჩამოსულა და ეს მაეჭვებს. არ ვიცი, დღემდე არაფერი უცნობებიათ. შეიძლება, გამოძიებულიც აქვთ, ვერ გეტყვით.
რაც შეეხება მოწმის წერილში ნახსენებ 3 მინისტრს, ვერ წარმომიდგენია, რომელი მინისტრი შეიძლებოდა დასწრებოდა, ერთი ადამიანიც არ მეგულება. გვარამაძე ამბობს, აუდიოჩანაწერი მაქვსო და იმედია, კითხვებზე პასუხებს გასცემს.
ამ ხელისუფლების პირობებში ისევე როგორც წინათაც, იყვნენ პიროვნებები, ვინც ბლოკავდნენ სხვადასხვა საქმეების გამოძიებას. ერთ-ერთი ლაშა ნაცვლიშვილია, რომელიც ხელოვნურად აჭიანურებდა ამ საქმის გამოძიებას და მისი წასვლის მერეც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიდნენ საქმის გამოძიებას.
ახლა იმ სტადიაში ვართ, ღვთის წყალობით, იწმინდება უწყებები და იმედი გამიჩნდა, რომ საქმეს გამოიძიებენ,“ - აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.
„ალია“