
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე.
ამის შესახებ "ცენზორ. ნეტ" იტყობინება, რომელსაც ინფორმაცია პირადად მიხეილ სააკაშვილმა დაუდასტურა. ის შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და ერთერთი რეალური კანდიდატია ამ თანამდებობაზე.
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი უკრაინაზე გადის, ხოლო კორუფცია უკრაინისთვის არანაკლებ საშიში მტერია, ვიდრე რუსული ტანკები. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის აპირებს, საქმიანობა საქართველოში ამ მიმართულებით მიღებული გამოცდილების მიხედვით წარმართოს.
მისი თქმით, პირველი ამოცანა იქნება, უკრაინაში დააბრუნოს საზღვარგარეთ დაპატიმრებული იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის აქტივები.