
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ბიძინა ივანიშვილს ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს გამო მკაცრად აკრიტიკებს.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერის მმართველობამ ქვეყანა უფსკრულთან მიიყვანა და მოსახლეობამ წერტილი უნდა დაუსვას მის მმართველობას დემოკრატიული გზით.
„ამ ბრძენ კაცს რომ ვუსმენ, ვფიქრობ ხოლმე, რომ ახლა რაც თქვა, ეს არის მწვერვალი და სისულელის რეკორდი და შემდეგ ჯერზე ამაზე მეტს ვეღარ იტყვის, მაგრამ ამაში ის ნამდვილად ნიჭიერია, - ყოველ ახალ ჯერზე ახალ რეკორდებს და ახალ სიმაღლეებს იპყრობს.
ის კი ამბობს, რომ არ ერევა ქვეყნის მართვაში, მაგრამ შემდეგ ლაპარაკში ერთობა და გულწრფელი ხდება და მარტო იმას კი არ ამბობს, რომ ისინი გამოიცნობენ, მე რა მინდაო, არამედ ამბობს, რომ მკაცრად ვაკონტროლებ ხელისუფლებასო.
ყველამ ვიცით, ეს კაცი არის ამ ქვეყნის მმართველი, მაგრამ ამ კაცმა თავისი ამ მმართველობით, საკუთარ თავის სიყვარულით, იმ ხალხის მოყვანით ქვეყანა ჩიხში შეიყვანა,“ - აცხადებს ბოკერია.