
უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, პირად ურთიერთობებზე მაღლა საპარლამენტო რეგლამენტი და წესები დგას.
„ის კვოტები, რომელიც უმრავლესობისაა, ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს უმრავლესობას.
დღეს დარღვეულია ეს ბალანსი და უმრავლესობის კვოტები ოპოზიციაში გადასული ფრაქციის წარმომადგენლებს აქვთ.
ეს ეხება, როგორც ვიცე-სპიკერის, ასევე კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობებს. აქ პიროვნული საკითხები არ არის.
თითოეული ეს ადამიანი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და მათ პატივს ვცემ. მაგრამ აქ პირად სიმპათია-ანტიპათიაზე არ ვსაუბრობ.
ვსაუბრობ იმ კვოტაზე და იმ წესებზე, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის განსაზღვრული.
მეტიც, ალბათ დავაყენებ მეორე ვიცე-სპიკერის თემასაც. მართალია, ეს აჭარის დეპუტაციის გადასაწყვეტია, მაგრამ რეგლამენტი ამავე დროს ითვალისწინებს სხვა რეჟიმსაც," - განაცხადა მან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "თავისუფალი დემოკრატების" თანამდებობებიდან გადაყენების საკითხს დღის წესრიგში საგაზაფხულო სესიაზე დააყენებს.