-
2014-05-01 21:43
112 ხმითა და არცერთი მოწინააღმდეგით პარლამენტმა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონი მეორე მოსმენით მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტს “საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის” პუნქტი ემატება, რაც გულისხმობს ამ მიმართულებით პროექტის მეორე მუხლის მეორე პუნქტის კორექტირებას.
კანონპროექტის ეს ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირ დისკრიმინაციად კი მიჩნეულია "ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, რომელიმე ნიშნის გამო, პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით".
ფრაზამ, რომელიც დავას იწვევდა და ასე იყო ფორმულირებული: “საზოგადოებრივი ზნეობის დაცვა, როცა ქმედებას გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება”, საბოლოოდ, კანონში ასეთი სახე მიიღო:
პირდაპირი დისკრიმინაცია აღარ ჩაითვლება ასეთად, თუ: "ამგვარი მოპყრობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწვად".