-
2014-05-01 07:45
აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az, აქვეყნებს რა ინტერვიუს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, წინასიტყვაობაში წერს, რომ 10 წლის წინ ხელისუფლებაში ბარიკადებიდან მოსული მიხეილ სააკაშვილი ისევ ბარიკადებზე აღმოჩნდა - ამჯერად კიევში.
„ხელისუფლებიდან მისი წასვლა „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირდა. მისი წასვლა უკვე იყო ახალი რევოლუციის მომასწავებელი ჩვენთვის. მან ამ რევოლუციას გეოპოლიტიკური უწოდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, დღეს ის არ იბრძვის მხოლოდ მისი ქვეყნისთვის, მისი ქვეყნის უფლებისთვის.
ოცნებისთვის ათწლიან ბრძოლაში მან გააცნობიერა, რომ პერმანენტული და მასშტაბური რევოლუციის გარეშე ევროპული ღირებულებების მიღწევაზე ოცნება თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია. ამიტომ, ის ისევ ბარიკადებზეა. ამჯერად, კიევში.
„სად იქნება მიხეილ სააკაშვილი 10 წლის შემდეგ? „ისევ ბარიკადებზე“, - ვუპასუხებთ ჩვენ ამ შეკითხვას უნისონში. მაგრამ სჯობს, თავად მიხეილ სააკაშვილს დაველაპარაკოთ“, - ასე ასრულებს ინტერვიუს წინასიტყვაობას გამოცემა.
მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ ახლა უკრაინა სწორედ იქაა, სადაც საქართველო იყო 2003 წელს:
„უდავო ფაქტია, რომ ჩვენ საქართველოში ჩამოვაყალიბეთ სახელმწიფოებრიობა. როგორ გგონიათ, რატომ იღებენ უკრაინაში ასე ადვილად ცალკეულ სახელმწიფო შენობებსა და ზოგჯერ მთელ ქალაქებს? იმიტომ, რომ არ არსებობს სახელმწიფოებრიობის განცდის მქონე ინსტიტუტი. ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან იყო 2003 წელს.
უკრაინის „ნარინჯისფერმა რევოლუციამ“ უკრაინელ ხალხს ეროვნულობის, ერთიანობის გრძნობა გაუჩინა. ახლა ის ხალხი, რომელიც უკრაინაში აღმოსავლეთით ან დასავლეთით ცხოვრობს, არის ერთიანი ერი. მაგრამ უკრაინამ უნდა დაიწყოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება და ეს იქნება სწორი ნაბიჯი.
დღეს რუსეთის ამოცანა სწორედ ესაა: არ მისცეს უკრაინას იმის გაკეთების საშუალება, რასაც ჩვენ 10 წლის განმავლობაში ვაკეთებდით - არ ჩამოაყალიბებინოს სახელმწიფოებრიობა“.
მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ ისტორიულ მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელობა დიდია:
„დიახ, ჩვენი ხელისუფლება შეიცვალა. მაგრამ მათაც კი, ვინც ჩვენ შეგვცვალა ლოზუნგით „ჩვენ ყველაფერს შევცვლით“, ვერაფერი შეცვალეს, არ გამოუვიდათ. რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იმდენად ძლიერია, ხალხი იმდენად შეეჩვია სხვა წესებით ცხოვრებას, რომ ნებისმიერი გადახვევა ამ წესებიდან ახალი ხელისუფლების იმიჯს ურტყამს.
კი, მათ შეუძლიათ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დაიჭირონ, ჩასვან ციხეში, მაგრამ ისინი ვერ მოახდენენ გავლენას სახელმწიფო ინსტიტუტების სიცოცხლისუნარიანობაზე: საბაჟოს, პოლიციის, საგადასახადოს, განათლების სისტემის, დაზღვევის, სამედიცინო მომსახურების სისტემები ზუსტად ისეთები დარჩა, როგორიც ჩვენ ჩავიფქირეთ და შევქმენით“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.