
საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროცესი გადაიდო, რის შემდეგაც სასამართლოსთან ინციდენტი მოხდა.
სასამართლოში ირაკლი კაკაბაძე, სანდრო გირგვლიანის მამა , დაჩი ცაგურია და კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდნენ.
შენობიდან დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის გამოსვლის შემდეგ, სანდრო გირგვლიანის ახლობლებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ირაკლი კაკაბაძემ კი ზაქარეიშვილს შეაფურთხა.
"ფურთხის ღირსია ეს კაცი და მიიღო კიდეც", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი სანდრო გირგვლიანის მამამ, გურამ გირგვლიანმაც გააკეთა.
"სირცხვილია მსგავსი განცხადებები. გამოდის ეს კაცი და იძახის ერთი და იგივეს. პრეზიდენტმაც კი აღიარა ეს მკვლელობა და სირცხვილია, როდესაც ეს ადამიანი ბუხაიძეს სდებს ბრალს. მალე ალბათ იტყვიან, რომ მე მოვკალი ჩემი შვილი", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.