
ტუვალუ უარს ამბობს 2011 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა იქნა აღიარებული.
ტუვალუს ახალი ხელისუფლება აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს, და თვლიან ,რომ უკანონოა 2011 წლის გადაწყვეტილება.-ამის შესახებ ტუვალუს სამთავრობო დელეგაციის საქართველოში სტუმრობის ფარგლებში გახდა ცნობილი, რომელმაც ქართულ მხარესთან ქვეყნებს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი გააფორმა.
ოქმს ტუვალუს მხრიდან ხელი გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომის და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ, ხოლო საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მოაწერეს.
ოქმის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.
ოქმში ხაზგასმულია, რომ ტუვალუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი რეგიონების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.