
უცნობი პირების თავდასხმის შედეგად დაზარალებული დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ღუდუშაურის კლინიკაში გვიან ღამით მივიდა.
მისი განცხადებით, უცნობი პირები მას მოულოდნელად დაესხნენ თავს და უსიტყვოდ დაუწყეს ჩხუბი, ერთერთმა კი ორჯერ ელექტროშოკი მიადო:
„მათ არაფერი უთქვამთ, 7 ან 8 ადამიანი იქნებოდა, პირდაპირ დამიწყეს ჩხუბი და ცდილობდნენ მანქანაში ჩემს ჩატენვას, ძირითადად, სახეში მირტყამდნენ. დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა ეს ჩხუბი და მანქანაში ჩემი ჩატენვა ვერ მოახერხეს, რის შემდეგაც ერთერთმა ორჯერ მომადო ელექტროშოკი...
უნდა ვთქვა, რომ ვერანაირი საშუალებით ვერ მოხერხდება ჩვენგან ხელის აღების მიღწევა იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, – განაცხადა „რუსთავი–2“–თან საუბარში ნუგზარ წიკლაურმა.
ღუდუშაურის კლინიკაში ნუგზარ წიკლაურთან ერთად იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომლებმაც დეპუტატზე თავდასხმის ფაქტი ქუჩის ტერორის დაწყებად შეაფასეს:
„ფაქტობრივად, ქუჩის ტერორი დაიწყო და ხელისუფლება მოწმეების გატაცებიდან დეპუტატების გატაცებაზე გადავიდა – ფაქტია, რომ ეს იყო გატაცების მცდელობა“, – განაცხადა გივი თარგამაძემ, – „რასაკვირველია, ყაჩაღი ყოფილი პროკურორისგან და მისი მეგობრებისგან ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ ეს შემთხვევა, მაინც, ყველა ზღვარს სცილდება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს შემთხვევაც შეუერთდება გამოუძიებელ საქმეთა რიცხვს“.