-
2014-03-30 02:06
იმ პირის ვინაობა, რომელიც მტკვარში ავარიის შემდეგ გადავარდნილი მამაკაცის გადასარჩენად გადახტა, ამ დრომდე უცნობია. მას სოციალური ქსელის მეშვეობით გადარჩენილის ოჯახი ეძებს.
ავარია თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა, მათგან ერთერთი ჯიპი კი ჯებირს შეასკდა და გაანგრია.
თუმცა თავად მანქანა მტკვარში გადავარდნას გადარჩა, მდინარეში გადავარდა მანქანაში მყოფი პირი, რომლის გადასარჩენად მტკვარში მაშინვე გადახტა უცნობი, ავარიის თვითმხილველი მამაკაცი. რამდენიმე წუთში ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფი მივიდა და ორივე ნაპირზე ამოიყვანა.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ფოტოზე სწორედ ის მანქანაა აღბეჭდილი, საიდანაც მგზავრი მდინარეში გადავარდა, „ამბები.ჯი“–ს ვებგვერდზე, ავარიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ქვეშ კი, კომენტარების ველში, ასეთი ჩანაწერია:
„დიდი მადლობა მინდა გდაუხადო უცხო ადამიანს რომელმაც გადამირჩინა შვილი.. ამას ყველა არ გააკეთებდა.. სამწუხაროდ არ ვიცი მისი არც სახელი არც გვარი.. დიდი მადლობა, თქვენ რომ არა არ ვიცი რა მოხდებოდა..“.

