
ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაკეინის ინსტიტუტის დირექტორი კურტ ვოკერი აცხადებს, რომ საქმეებმა, რომლებიც ბოლოს დროს აღიძრა საქართველოში, პოლიტიკური ფიგურების მიმართ, შესაძლოა, საქართველოს იმიჯს დასავლეთში ზიანი მიაყენოს.
ამის შესახებ ვოკერმა „ამერიკის ხმას“ უთხრა. “რატომ არის ამერიკა ასე შეშფოთებული საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებით” - მიმართა ამერიკის ხმის ჟურნალისტმა კურტ ვოკერს.
“ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ დღემდე, საქართველოში ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემის მხოლოდ ერთი წარმატებული შემთხვევა იყო. ამის გამო, არსებობს შიში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯები, რომლებსაც მთავრობა დგამს, შეიძლება ლეგალურად დასაბუთებულია, თუმცა მათი მოტივაცია, ინტენსიურობა და სიმრავლე პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენებას ჰგავს.
ერთი რამ, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, საფუძვლიანია თუ არა ეს წარმოდგენები - მათ საქართველოსთვის ზიანის მოტანა შეუძლია. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ახლა, როცა რუსეთი ტერიტორიების მითვისებითაა დაკავებული, საქართველოსთვის ძალიან საშიში პერიოდია”, - განაცხადა ვოკერმა.
რაც შეეხება შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, ამ ყველაფერმა დააზარალოს საქართველოს იმიჯი, რის შედეგადაც ქვეყანა დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას, ვოკერი პასუხობს:
“არ მინდა რომელიმე ქვეყანა დავასახელო, მაგრამ ამით, ზოგიერთ სკეპტიკოსს მიეცემა საშუალება თქვას, რომ საქართველო მზად არ არის ნატო-სთვის, ევროკავშირისთვის, ეს კი რუსეთს მანევრირებისა და რეგიონში დამატებითი გაურკვევლობის შექმნის საშუალებას მისცემს”.
„პირველის“ მიხედვით