
ეს კადრები ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა გარდაცვლილი სპეცრაზმელის, შალვა თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი ფოტოების შესახებ.
როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, დაწყებულია საქმის შესწავლა და ექსპერტიზის შემდეგ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
„პირადად ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ის კადრები, რომელიც ვიხილე, უკვე დაწყებული გვაქვს საქმის შესწავლა. ამის შესახებ მალე იქნება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ნანუაშვილმა.
შალვა თათუხაშვილი სპეცრაზმში მსახურობდა, მის გარდაცვალებას ოჯახი და ახლობლები პროკურატურის მხრიდან ზეწოლასა და წამებას უკავშირებს. თათუხაშვილი პროკურატურამ რამდენჯერმე დაკითხა, ბოლო დაკითხვიდან შინ დაბრუნებული თათუხაშვილი გარდაიცვალა.
თათუხაშვილის იურისტმა ის კადრები გაავრცელა, სადაც ასახულია, თუ რა დაზიანებები აღენიშნებოდა გარდაცვლილს სხეულზე.