
გვერდმა „გაიცანით სამარცხვინო მძღოლები“ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც, ავტორის აღწერის მიხედვით, გაჩერების წესის დამრღვევი „BMW“ X5-ია აღბეჭდილი, რომელიც მელორ ვაჩნაძეს ეკუთვნის.
ფოტოს ახლავს შემდეგი ტექსტი:
"აი ესე, კოხტად შეაყენა პარლამენტის წინ ვიღაცამ, გააჩერა, ჩააქრო, გადმოვიდა და ვიღაცას გაუბა საუბარი. პატრულმა რომ დამინახა რომ ვიღებდი, მიუყენა და მეგონა დააჯარიმებდა, მძღოლი აღმოჩნდა მელორ ვაჩნაძე, ქალაქის პოლიციის უფროსივით ჩამოართვა ხელი, პატრული დაბრუნდა თავის მანქანაში და წავიდა".
კომენტარისთვის „აფხაზეთის ხმა“ მელორ ვაჩნაძეს დაუკავშირდა:
„ნამდვილად ვიყავი პარლამენტის შენობის წინ, მაგრამ არ ვიცოდი იმ ადგილზე მანქანის გაჩერება თუ არ შეიძლებოდა, ქვეითად მოსიარულეთა გზა არ არის, იქ არის სამანქანო გზაც...
რომ გავაჩერე, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი მოვიდა, გადმოვედი მანქანიდან და მთხოვა რომ გადამეყენებინა ავტომობილი, მეც მის თხოვნას დავემორჩილე.
რას ნიშნავს ხელი ჩამომართვა? მივესალმე უბრალოდ. თუ გნებავთ, ბოლო ერთი კვირის ჯარიმებს მოგაწვდით, სამი ჯარიმა მაქვს გამოწერილი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ეს უკვე სასაცილოა“, - განაცხადა „აფხაზეთის ხმასთან“ საუბრისას მელორ ვაჩნაძემ.