
საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013წ.წ.) მიხეილ სააკაშვილი უკრაინის "მეხუთე არხზე" გამოვიდა და პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გაეროში უკრაინის საკითხზე რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა სია კიდევ ერთხელ მიანიშნებს, ვის იმედზეა რუსეთი. მისი თქმით, სწორედ ეს ქვეყნები აძლევენ ხმას გაეროში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და დევნილთა დაბრუნების კუთხით მიღებულ რეზოლუციებს (უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: სომხეთმა, ბელორუსმა, ბოლივიამ, კუბამ, ჩრდ.კორეამ, ნიკარაგუამ, სუდანმა, სირიამ, ვენესუელამ და ზიმბაბვემ - რედ.)
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, წლების წინ გამოთქმული მისი პროგნოზი იმის შესახებ, რომ საქართველოს შემდეგ რუსეთის აგრესიის ობიექტი იქნებოდა უკრაინა, ახდა, მაგრამ მისივე თქმით, პროგნოზის მეორე ნაწილიც არანაკლებ საინტერესოა:
„ჩემს პროგნოზს აქვს მეორე ნაწილიც: რომ პუტინი გაქრება ისტორიული არენიდან. მე ასე ვიტყოდი: ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში არა აქვს მომავალი და ასევე, რუსეთს არა აქვს მომავალი ყირიმთან ერთად. ახლა ბევრგან მესმის მოსაზრება, რომ ყირიმი დაიკარგა, მაგრამ ასე არ არის: „ყირიმი კი არ დაიკარგა, პუტინმა დაკარგა თავი. მას ის კი არ უნდა, რომ უყვარდეთ, მას უნდა, რომ მისი ეშინოდეთ“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ: 01:50 ქრონომეტრაჟიდან