
ედსონ არანტოს დო ნასიმენტო კრასნოდარში ჩავიდა და „ყუბანის“ საფეხბურთო აკადემიაში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ძველი ხუმრობა იმის თაობაზე, რომ რუსეთი იმაზე ადრე ვერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში, ვიდრე ბრაზილია - ჰოკეიში, შეიცვალა.
პელეს თქმით, ახლა უფრო მეტად მოსალოდნელია, რუსეთი გახდეს მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში, ვიდრე ბრაზილია - ჰოკეიში: „ჩვენს ქვეყანაში სხვა სახეობებს უფრო აქცევენ ყურადღებას და ისინი ვითარდება, ჰოკეი - ნაკლებად.
მაგალითად, კარგად ვითარდება კალათბურთი. რაც შეეხება ამ ჩემს ძველ ფრაზას, ის, რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო“, - განაცხადა პელემ.
პელე კრასნოდარში თავისი ერთერთი ბიზნეს პროექტის ფარგლებში ჩავიდა და რუსეთის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
„ყველამ კარგად იცის ჩემი ლტოლვა რუსეთისადმი, ისიც, თუ როგორ მიყვარს თქვენი ქვეყანა და თქვენი სამზარეულოც. მოხარული ვიქნები, ვნახო თქვენი ქვეყანა ბრაზილიაში და ვუსურვებ მას ფინალში მოხვედრას“, - თქვა პელემ.