-
2013-07-16 21:48
16 ივლისს შსს–მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც კადრებიც დაურთო და გაახმიანა გენინსპექციის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობის მიზეზად პოლიციელების მხრიდან დაკითხვაზე ზეწოლა არ დასტურდება.
"ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარეგნული დათვალიერების და შინაგანი გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მამუკა მიქაუტაძეს სხეულზე, კისრის არეში დაზიანების გარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, სხვა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის სხეულზე გამოხატულია მხოლოდ გვამური ლაქები", - განაცხადა შსს-მ.
დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ "ვექტორი", რომელიც მიქაუტაძის საქმეში ჩართულმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაიქირავა, გარდაცვლილის სხეულის გარეგანი დათვალიერების საფუძველზე განაცხადა, რომ მიქაუტაძეს სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა ცხვირთან, რომელიც სიკვდილამდე დროის ახლო პერიოდში მიადგა "რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით", თუმცა თქვა ისიც, რომ ამ დაზიანების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელი იყო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ექიმი-ნარკოლოგები და ექსპერტები, ასევე მიქაუტაძის მეუღლე და მისი ახლობლები, მათ შორის გელა მანჯავიძე. ეს უკანასკნელი თავის ჩვენებაში, როგორც შსს მიუთითებს, ამბობს, რომ მოწმის სახით დაკითხვისას მიქაუტაძის მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან "რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა". შსს-ს ცნობით, დაკითხვის დროს მიქაუტაძე და მანჯავიძე ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ისხდნენ.
სამინისტრო ასევე აქვეყნებს მიქაუტაძის "მოწმის" სახით დაკითხვის პერიოდთან დაკავშირებულ ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც მას "რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება". ერთ-ერთ ვიდეომასალაში ჩანს სავარაუდოდ მიქაუტაძე, რომელსაც ხელები უკან აქვს წაღებული და ორი მამაკაცის თანხლებით ტოვებს პოლიციის შენობას.
"ამრიგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მამუკა მიქაუტაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ამ საქმის გამოძიება გრძელდება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული და გამოთქვამს ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა, აცხადებს, რომ შსს-ის მიერ საქმის წარმართვა "იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას" და საქმის პროკურატურისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს.
ამავე დროს, არსებობს მამუკა მიქაუტაძის მეგობრის გელა მანჯავიძის ინტერვიუს, რომელიც მან "კვირის პალიტრას" მისცა და სადაც პოლიციელთა მხრიდან მუქარისა და ძალადობის ფაქტებზე საუბრობს:
"ჯერ მემუქრებოდნენ, რომ თუ არ ვაღიარებდი ბრალდებას, პროკურორი გაბრაზდებოდა და ჩემზე იყრიდა ჯავრს, ხოლო თუ ვაღიარებდი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამომიშვებდნენ. მერე შემეშვნენ, მითხრეს, ვიცით "ნასროკალი" ხარ და ვერ გაგა****ებთო... მამუკა კი უპატიოსნესი ადამიანი იყო, ალბათ ვერ გაუძლო ზეწოლას... როცა მიგვიყვანეს პოლიციის შენობაში, მამუკა წაიყვანეს და ერთად აღარ ვყოფილვართ. უბრალოდ ვხედავდი, რომ ერთ-ერთ ოთახში მას კითხავდნენ, მერე დაახლოებით 30-40 წუთით გაიყვანეს და აღარც შემოუყვანიათ."
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის თვითმკვლელობის საქმემ უფლებადამცველი ორგანიზაციების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია, რომლებმაც მოუწოდეს გამომძიებლებს, რომ ზედმიწევნით გამოეკვლიათ გარდაცვლილის ოჯახის ბრალდებები, რომლის მიხედვითაც, მიქაუტაძის მიმართ პოლიციის მხრიდან ზეწოლას და ცუდ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, რათა ის აეძულებინათ საკუთარი მეგობრის, გელა მანჯავიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.
მანჯავიძე 5 ივლისს დააკავეს 12 გრამამდე მარიხუანას შენახვის ბრალდებით, რომლის გადაცემასაც ის, გამოძიების ცნობით, მიქაუტაძისთვის აპირებდა, თუმცა მალევე გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.
იმავე დღეს ამ საქმეზე "მოწმის" სახით დაკითხვის შემდეგ, მიქაუტაძის მეუღლის და რამდენიმე მეგობრის განცხადებით, მიქაუტაძემ უთხრა მათ, რომ პოლიციააში სცემეს და აიძულეს მეგობრის წინააღმდეგ ყალბი ჩვენების მიცემა, რის გამოც მას თავის მოკვლა უნდოდა.
6 ივლისს მიქაუტაძე თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. შეგახსენებთ ასევე, რომ პოლიციამ მიქაუტაძის საქმის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
civil.ge-ს მასალის მიხედვით