-
2014-03-22 18:34
,,ჩემი კითხვის ადრესატი ჩვენი ქართველი მეგობარია“- რუსმა ჟურნალისტმა ვლადისლავ ნაზემცევმა ბრიუსელში დავით უსუფაშვილს ჰკითხა, რატომ იყო ძნელი ყირიმისა და 1992 წლის აფხაზეთში ან ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს შორის განსხვავების დანახვა.
ჟურნალისტმა თქვა, რომ 1992 წელს აფხაზეთში რუსეთის წინააღმდეგ აგრესია საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, ყირიმში პუტინის სურვილი კი მხოლოდ იმპერიის აღდგენა იყო.
,,ვფიქრობ, ყირიმში შესვლას სხვა მიზეზი არ ჰქონია, გარდა პუტინის სურვილისა, აღედგინა იმპერია. ჩემი კითხვის ადრესატი ჩვენი ქართველი მეგობარია. ნუთუ შესაძლებელია, ვერ დავინახოთ სხვაობა ყირიმსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის?
სწორედ ქართველები გამოვიდნენ პირველად სოხუმში 1992 წელს და აგრესია რუსების წინააღმდეგ ქართველებმა დაიწყეს.
სამხრეთ ოსეთში კი რუსეთი იცავდა ოს მოქალაქეებს", - განაცხადა ვლადისლავ ნაზემცევმა.
ამის პასუხად, უსუფაშვილმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ყველამ იცის, რა აქცევს პუტინს პუტინად. უსუფაშვილის პასუხის მიხედვით, ყველამ იცის, აფხაზეთში ვინ მოიგო ომი და ვინ აიღო ქართული არმიის იარაღი, ასევე ყველამ იცის, რა მიზნითაც იდგნენ ცხინვალში რუსი სამშვიდობოები და რა ხდება ყირიმთან მიმართებაშიც.
"აფხაზეთმა მოუგო ომი საქართველოს,-ასე ამბობთ თქვენ! ყველამ ვიცით, ვინ მოიგო ომი. ვინ იბრძოდა სოხუმში. ვინ აიღო ქართული არმიის კუთვნილი იარაღი და ვინ მისცა ეს იარაღი სხვებს. თქვენი პოზიცია არის საკითხისადმი მარტივი მიდგომა, სწორედ საკითხებისადმი მარტივი მიდგომა არის იმის წინაპირობა რაც ყირიმში მოხდა.
ახლა რუსეთში მოსახლეობის 80%-ს სჯერა, რომ ყირიმის მიერთებაში პუტინი 100%-ით მართალია. სწორედ ესაა პრობლემა...
რა ხდებოდა ცხინვალში, რუსი მშვიდობისმყოფელები მართლა მშვიდობას იცავდნენ? ისინი 18 წელი იყვნენ იქ ამისთვის?
"დიდი პუტინი სამხრეთ ოსეთში ადგილობრივების უფლებებს იცავდა" - ის მხოლოდ ეთნიკური ოსების უფლებებს იცავდა. სხვებს უფლებები არ გააჩნიათ? სწორედ ეს აქცევს პუტინს პუტინად", - უპასუხა ჟურნალისტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.