
თუ სააკაშვილი არ ჩამოვა მასზე ძებნა გამოცხადდება. ის ჩვეულებრივი მოქალაქეა, კეთილი ინებოს ჩამობრძანდეს და გასცეს პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ,,კვირის პალიტრასთან“ აცხადებს.
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას, თუნდაც მისთვის უხერხულს, ამომწურავი პასუხი გასცეს.
მისივე განცხადებით, სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაში უჩვეულო არაფერია და მსგავსი რამ ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ხდება.
"თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება. ის დღეს არის ჩვეულებრივი მოქალაქე. პროკურატურას აქვს მასთან ძალიან მძიმე საქმეებზე კითხვები. კეთილი ინებოს, ჩამობრძანდეს და გასცეს პასუხი. ეს არის ჩემი ძალიან მარტივი პასუხი.
მან ყველა კითხვას უნდა გასცეს ამომწურავი პასუხები. თუნდაც გაფანტოს ეჭვები, დაეხმაროს გამოძიებას, სწორად წარმართოს აღნიშნული პროცესი. თუ მას აქვს შენარჩუნებული გარკვეული გონიერება, უნდა ჩამოვიდეს. ის უბრალოდ ვალდებულია, ჩამოვიდეს, ვინაიდან ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას, პროკურატურას ვგულისხმობ, აქვს კითხვები. მეორე საკითხია, ჩამოვა თუ არ ჩამოვა, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა ჩამოვიდეს, თუ ჯერ კიდევ შერჩა საღი აზრი", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს, მოწმის სახით დასაკითხად არის დაბარებული.