
ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში "რეაქცია", ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებს არა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოსაძიებლად, არამედ წინასწარ არსებული ერთერთი ვერსიის გასამყარებლად.
გიგი უგულავას განცხადებით, პროკურატურის ქმედებები წინასწარ დაანონსა ირაკლი ღარიბაშვილმა და ხელისუფლების ამგვარი ქმედებების გამო შეურაცხყოფილი არიან ზურაბ ჟვანიას მეგობრები. "ასეთი ქმედებებით ჩვენ სიმართლეს ვერასდროს ვერ დავადგენთ. მე პირადად, ეჭვი არ მეპარება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიაში, მაგრამ ლეგიტიმურად ვთვლი, რომ არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელსაც კითხვები უჩნდება, მაგრამ პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რათა ამ კითხვებს არ გაეცეს პასუხი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვიჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ჰაკიმ ფაშა არის ღარიბაშვილი, ჰაკიმ ფაშა არის ივანიშვილი", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა.