
რვასაათიანი დაკითხვის შემდეგ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა წევრმა და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით დაღელაშვილმა მთავარი პროკურატურა დატოვა. როგორც მან განაცხადა, ის მზადაა პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის, თუ უწყებას კიდევ დარჩა კითხვები.
"დღეს მე ვითანამშრომლე გამოძიებასთან, რომელთაც ჰქონდათ ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით კითხვები, ადრეც ვიყავი დაკითხვაზე ამ საკითხზე და თუ კიდევ იქნება კითხვები, მე მზად ვარ კვლავ პასუხები გავცე, რადგან მიმაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს სპეკულირება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემით.
უნდა შეწყდეს სოციალურ ქსელსა თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებში ამ საკითხთან დაკავშირებით ამონარიდების ფრიალი და უნდა გაეცეს ყველაფერს პასუხი”,-განაცხადა დავით დაღელაშვილმა.
დავით დაღელაშვილის დაკითხვა ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დღეს, დაახლოებით 17 საათზე დაიწყო. გარდაცვლილი პრემიერმინისტრის დაცვის ყოფილი წევრი ამ საქმეზე ერთხელ უკვე იყო დაკითხული.