
საქართველოს მთავარი პროკურატურა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ვანო მერაბიშვილის დაკითხვის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მერაბიშვილმა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები ვერ გაიხსენა.
“დაკითხვისას ივანე მერაბიშვილმა ვერ გაიხსენა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და გამოძიების შეკითხვაზე განმარტა, რომ მის მიერ 2005 წლის 3 თებერვალს გამართული ბრიფინგის დროს მან ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზად დაასახელა ბუნებრივი აირით მოწამვლა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი თავად გახლდათ შემთხვევის ადგილზე მისული, სადაც იყო ნამწვის სუნი, ხოლო საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ვერაფერს იხსენებს.
შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 3 თებერვალს, ივანე მერაბიშვილმა პირველმა ამცნო საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება და საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასა. ასევე, წინასწარ დაასახელა გარდაცვალების მიზეზები და განმარტა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და რომ გარდაცვალება ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად იყო გამოწვეული.
ბრიფინგი 08:38 საათზე გაიმართა, არადა ამ დროს ექსპერტიზის დასკვნა არათუ დაწერილი, არამედ გვამების გამოკვლევაც კი დაწყებული არ ყოფილა, ვინაიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება დაიწყო 2005 წლის 3 თებერვლის 09:00 საათზე, რასაც 20 წუთით უსწრებს ვანო მერაბიშვილის ბრიფინგი. გარდა ამისა, ივანე მერაბიშვილი უშუალოდ იყო მისული შემთხვევის ადგილზე, იქ სადაც ნანახი იქნა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამები”, - ნათქვამია განცხადებაში.