
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციაში“ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დეტალებზე ისაუბრა.
„მე ვიყავი, ისევე როგორც ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, როდესაც დაიწყო პროცედურა, შევედი ოთახში, სადაც ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, იქ იყვნენ ექსპერტები, სამედიცინო პერსონალი, ამ პროცედურას ხელმძღვანელობდა თამარა დეკანოიძე, იყო ვიდეოკამერა, ფოტოგრაფი, რამდენიმე გამომძიებელი.
მე ჩავთვალე, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა. მთელი პროცესის გადაღება მიმდინარეობდა ვიდეოფირზე და ფოტოებზე აისახებოდა ყოველივე. მე ვუყურებდი ამ ფოტოებს როგორ იღებდნენ. თავდაპირველად ექსპერტიზა გარე დათვალიერებით დაიწყო. რაც შეეხება გარე დათვალიერებას, კარნახი ხდებოდა და იყო ადამიანი, რომელიც ამის ჩაწერას ახდენდა.
თავის არეში, მარცხენა ტუჩზე დაზიანება აღინიშნა. შემდეგ შინაგანი ორგანოების დათვალიერება იყო საჭირო, ტრეპანაციის გაკეთება, მე ამას ვერ გავუძელი და დავტოვე ის ოთახი. ეს ფოტოები მე ნანახი მაქვს 2005 წელს, ეს არის ფოტოების ნაწილი, გაცილებით მეტია ფოტომასალა, რომელიც საქმეს ერთვის.
ეს ფოტოები ჩემთვის ახალი არ იყო თუმცა, სიახლე იყო ის წითელი რგოლები, რომლებიც ამ ფოტოებს ახლავს. შემიძლია გავიმეორო, რომ ყველა შინაგანი ორგანოდან მოხდა ნიმუშების აღება, ხდებოდა ნიმუშების აღება ორ ეგზემპლარად. თითო ეგზემპლარი ამერიკელი ექსპერტებისთვისაც უნდა გამზადებულიყო.“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.