-
2014-03-21 19:29
ბაქო მალე დაიბრუნებს მთიან ყარაბაღს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე განაცხადა,-წერს სააგენტო ,, APA“.
,,მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოტენციალი და გააზრებული, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა , მოგვცემს საშუალებას აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა,“- განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, ტოპონიმიკაც კი აჩვენებს რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. ,,მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია, ის ჩვენი სამშობლოა. ყველა ტოპონიმური სახელწოდება მთიან ყარაბაღში ასახავს აზერბაიჯანელი ერის კულტურასა და ისტორიას და არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღი, არამედ დღევანდელი სომხეთის დიდი ნაწილი უძველესი აზერბაიჯანის მიწებია,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი არ აპირებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, თუმცა, მან ხაზი გაუსვა , რომ საერთაშორისო კანონები პერიოდულად სცილდება სამართლის ცნებას. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანში მთავარი საგარეო პრობლემა ,,სამართლიანად“ მოგვარდება.
,,ჩვენ დავიბრუნებთ მთიან ყარაბაღსაც და სხვა ოკუპირებულ ისტორიულ მიწებსაც, მე ამის მჯერა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ძლიერება“-განაცხადა მან.
ალიევის თქმით, დღეს მსოფლიოში მოქმედებს საერთაშორისო სამართალი და ძალის ფაქტორი: „თითოეულმა ქვეყანამ უნდა აჩვენოს თავის ძალა. ჩვენ უკვე ბევრი წელია, ვცდილობთ იმას, რომ შევიქმნათ ძლიერი ეკონომიკური პოტენციალი, რაც იძლევა საშუალებას, გავატაროთ დამოუკიდებელი პოლიტიკა,“- განაცხადა ალიევმა.