-
2014-03-20 18:55
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ამსახველი ფოტომასალის გავრცელების შესახებ კომენტარს აკეთებს.
უგულავას განცხადებით, ხელისუფლებამ მსგავსი ფოტომასალა იმისთვის გაავრცელა, რათა გადაფარონ ბიძინა ივანიშვილსა და გირგი მარგველაშვილს შორის არსებული გარკვეული კონფლიქტი:
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურა არის ივანიშვილის ხელში, პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთების შესრულების ორგანო. ივანიშვილი, ღარიბაშვილი და შტეფცელში ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე შეერთებული ფარცხალაძე.
ესენი არიან ავადმყოფები და უზნეო ადამიანები, მათ ავადმყოფურ ფანტაზიას და შურისძიების სურვილს აღარ აქვს უკვე არავითარი საზღვარი, მე მაინტერესებს რანაირად ხვდება 9 წლის წინ გადაღებული ფოტოები, რომლებიც არის საქმეში ჩაკერებული და ამას ადასტურებენ ოჯახის წევრებიც და ყველამ ვიცით, რომ საქმიდან ამოღებულია და პროკურატურიდან გამოჟონილია, რანაირად ხვდება პროკურატურის საქმეები „იუთუბზე“, ყველაფერს აქვს ზღვარი ამ უჯიშობისა და ამ უზნეობის გარდა, რომელიც მგონი მარტო ივანიშვილისგან მოდის.
დასხდნენ გუშინ, იფიქრეს, სახელისუფლებო კონფლიქტია გამწვავებული, პრეზიდენტი და ივანიშვილი ერთმანეთში უთანხმოებაში არიან, როგორ გადავფაროთ ეს საქმეო და მოიფიქრეს ეს ავადმყოფობა. არც ფიქრობენ იმაზე, რომ ბავშვები ჰყავს და ბავშვები ნახავენ ამ ყველაფერს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.