-
2014-03-20 03:33
გაზეთ „ასავალ–დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა წერს, რომ ერთი თვის წინ გამოაქვეყნა წერილი გაზეთში ჟვანიას მკვლელობის შესახებ და დღეს სწორედ ის კადრები გავრცელდა, რაზეც წერდა.
„ერთი თვის წინათ გამოვაქვეყნე ,,ასავალ-დასავალში,, ეს წერილი ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით და დღეს ზუსტად ეს კადრები გავრცელდა. აბა, ნაცეებო და ყველამ, ვინც ტლიკინებთ, რომ ,,ასავალ-დასავალი" ჭორაობს, ახლა დააღეთ პირი და თქვით -აააააა!“, – წერს „ფეისბუქში“ ჯაბა ხუბუა.
გაზეთ „ასავალ–დასავალის“ 2014 წლის მეხუთე, 3–9 თებერვლის ნომერში, მეორე გვერდზე, მართლაც არის დაბეჭდილი სტატია ჯაბა ხუბუას ავტორობით, სადაც ის წერს, რომ „ერთმა მთავარმა ფიგურამ და ხელისუფლების ერთერთმა პირველმა პირმა... პირადად დაათვალიერა ის ფოტოსურათები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას ცხედარს მანამდე გადაუღეს, სანამ მას რესპუბლიკური საავადმყოფოს მორგში შეალამაზებდნენ და პლასტიკურ ოპერაციას გაუკეთებდნენ“.
ჯაბა ხუბუა წერს, რომ ზურაბ ჟვანიას თავის არეში, ასევე ტუჩზე, დაზიანება აღენიშნებოდა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია „მოქმედი ხელისუფლების ერთერთი წარმომადგენლისგან, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანისგან“ მიიღო.
მისი ვერსიით, ხელისუფლების პირველმა პირებმა ეს ფოტოსურათები ამერიკელებს უჩვენეს, რის შემდეგაც მათ „ხელი ასწიეს“ და „მწვანე აუნთეს“ ხელისუფლებას, ხოლო აშშ–ის ელჩი საქართველოში, ავტორის თქმით, ხშირად კითხულობს, რა ეტაპზეა გამოძიება და გაიხსნება თუ არა საქმე მალე.
ჟურნალისტის აზრით, შეცდომა იყო იმის წინასწარ გაცხადება, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსგუმაცია იგეგმება, რადგან მისი თქმით, ადვილი მოსალოდნელია, „ნაციონალებმა“ ზურაბ ჟვანიას ცხედარი ამოთხარონ და გაიტაცონ, რათა სიმართლე არ დადგინდეს. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტი ხელისუფლებას მიმართავს წინადადებით, დააყენოს დაცვა ზურაბ ჟვანიას საფლავთან.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას, რომელიც, როგორც წესი, გულდასმით ეკიდება „ასავალ–დასავალში“ გამოქვეყნებულ მასალებს და ზოგადად, ამ გამოცემას, ჯაბა ხუბუას ეს რჩევა, ჯერჯერობით, არ გაუთვალისწინებია.
გაზეთ "ასავალ–დასავალის" მეხუთე ნომრის ელექტრონული ვერსია