-
2014-03-18 15:34
"ყირიმი მუდამ იყო და დარჩება რუსეთის განუყოფელ ნაწილად. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა, ღმერთმა განსაჯოს ისინი, ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შეუერთეს. ამის ინიციატორი პირადად ნიკიტა ხრუშოვი იყო და საკითხი კულუარულად გადაწყდა", - ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, „სსრ კავშირის დაშლის შემდეგ რუსი ხალხი აღმოჩნდა ყველაზე დაყოფილი ხალხი მსოფლიოში, რადგან მილიონობით რუსმა ერთ ქვეყანაში დაიძინა და საზღვარგარეთ, უცხოეთში გაიღვიძა. შედეგად რუსები აღმოჩნდნენ ყოფილ მოძმე რესპუბლიკებში ეროვნულ უმცირესობაში“.
ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთმა, თავისი პასიურობით ხელი შეუწყო სსრ კავშირის დაშლას, მაშინ ყირიმზე არავის უფიქრია:
„რა გააკეთა რუსეთმა? არაფერი - თავი დახარა და გადაყლაპა ეს შეურაცხყოფა. გავიდა დრო და რუსები მიხვდნენ, რომ მათი ქვეყანა უბრალოდ, კი არ გაქურდეს, არამედ ყაჩაღურად გაძარცვეს“.
„ყირიმის მოსახლეობა მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ისინი ხელიდან ხელში გადასცეს, როგორც კარტოფილის ტომარა და ძნელია, ამას არ დაეთანხმო.
და მას, ვისაც სურდა, რუსული ისტორიული მეხსიერება წაეშალა, ეს არ გამოუვიდა. ყირიმელები მუდამ ხაზს უსვამდნენ, რომ ყირიმი რუსეთის ორგანული ნაწილია, ხოლო სევასტოპოლი - რუსული ქალაქი“.