
სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რომ დედაქალაქის მერი წარმოშობით მეგრელი იყოს - ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ,,ეროვნული ფორუმის“ დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ,,ვერსიის“ ჟურნალისტიც იმყოფებოდა და მან სანიკიძის სიტყვის სტენოგრამა გამოაქვეყნა.
სანიკიძის განცხადებით, სამეგრელოში რთული პროცესი მიდის, იქ რუსები და თურქები ქართველების დეზინტეგრაციისა და განკერძოებისთვის მუშაობენ, ამ ფონზე სტრატეგიული მნიშვნელობისაა, დედაქალაქის მერი მეგრელი იყოს.
მისივე თქმით, ის სამთავრობო კაბინეტში ერთ-ერთი საუკეთესოა, მეორე ეფექტური მინისტრი სერგეენკოა,ხოლო დანარჩენები საშუალო მინისტრები არიან, ზოგი კი გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ,,დედამიწას არ ატყვია“ .
“დავით ნარმანიაზეც გეტყვით, თბილისის მოსახლეობა მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ არის ამ კანდიდატურით.... ჩვენ აგრესიულ ლიდერებს შევეჩვიეთ, მაგრამ ასეთმა ლიდერებმა დიდი სიკეთე ქვეყანას ვერ მოუტანეს. ნარმანიას პირადად ვიცნობ ძალიან ახლოს, არც იმას დაგიმალავთ, დრო იყო, ის ,,ფორუმში’‘ შემოსვლას აპირებდა. შინაგანი განწყობით ის ,,ფორუმელია’‘, ჩვენი ჭკუის კაცია...
ის ნიჭიერი კაცია, პატრონი არ ჰყოლია, მიიღო არაჩვეულებრივი განათლება გერმანიაში და არა ამერიკაში, სამთვიან კურსებს რომ გადიოდნენ. ჩვენ რომ ყველანაირ უცხოურ დიპლომებზე ვგიჟდებით...
გერმანული განათლება აქვს მიღებული, ძალიან მაგარი ადმინისტრატორი და ხელმძღვანელია. მინისტრთა კაბინეტში რეალურად, ორი ეფექტური მინისტრია – ნარმანია და სეერგეენკო, დანარჩენი, ზოგი საშუალო დონისაა, ზოგი კი საერთოდ დედამიწას არ ატყვია.
რაც შეეხება თბილისის მერობას, მომწონს, რომ ის პოლიტიკურად ანგაჟირებული კაცი არ არის, პრობლემებს არ შეუქმნის ქვეყანას... ასევე უპატიოსნესი კაცია, უმაღლესი დონის პროფესიონალია და ასევე, გაგიკვირდებათ, მაგრამ მეგრელია. სამეგრელოში ძალიან ცუდი პროცესები მიდის, რუსებიც მუშაობენ, თურქებიც და სხვებიც, რათა განკერძოება და ქართველი ერის დეზინტეგრაცია მოხდეს.
ამიტომ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოს დედაქალაქს მერად წარმოშობით მეგრელი ეყოლება. ყველაფერი საფიქრალია... თუ თბილისს უნდა, რომ მოწესრიგდეს, რაც ქართველებს არ გვაქვს, ნარმანია გაამართლებს“, – განაცხადა სანიკიძემ.