
პარლამენტის წევრი, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" "ეროვნული ფორუმის" წარმომადგემელი და ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში დაახლოებით 20-25 კაცი აკეთებს საქმეს, 30 კაცი კი, მისი თქმით, იქ არ უნდა ისხდნენ.
გუბაზ სანიკიძის სიტყვა, რომლითაც მან თავისი პარტიის წევრებს მიმართა, "ვერსიამ" გამოაქვეყნა, რომელიც კონფერენციაზე აღმოჩნდა. "ფორუმის" ლიდერი მიმდინარე მოვლენებს აანალიზებს, კოალიციიდან პარტიის გასვლის დასაშვებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაქსიმალურად უნდა იაქტიურონ:
თვითონ პარლამენტის შემადგენლობა ძალიან სუსტია, მაგრამ იქ 20-25 კაცია, რომელსაც ეს პრობლემატიკა ესმის და ამაზე ვმუშაობთ, ოღონდ ამაზე არ ვსაუბრობთ. რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, არ მგონია, ეს სწორი იყოს, რადგან ეს რყევებს გამოიწვევს.
გეთანხმებით, თვითონ უმრავლესობაში 30 კაცია, რომელიც არ უნდა იჯდეს იქ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც დღესაც არ იციან, რომელი კომიტეტის წევრები არიან, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები რომ ჩატარდეს, შეიძლება, უარესი პარლამენტი მივიღოთ. ის 30 კაცი რომ ზის და ხმას არ იღებს, პრობლემას არ ქმნის, რადგან როცა ეტყვი, ასე ქენიო, იჯერებს და აკეთებს, მაგრამ ამათ ნაცვლად, შეიძლება, ისეთი 30 ნაძირალა შემოგივარდეს, რომელიც არაფერს გააკეთებს, მაგრამ ყველაფერს დაგიბლოკავს.
ამიტომ არ სჭირდება ამ ქვეყანას რყევები, ამიტომ ვართ გაჩერებულები. ამიტომ ვართ გაჩერებულები, ჩვენი წილიც უნდა მივიღოთ. აქამდე როგორც იყო, ასე აღარ იქნება. ჩვენ უარი ვთქვით ალაფის განაწილებაზე... ,,ფორუმი"" კი არ ,,მოგვტეხეს"", ვერავინ მოგვტეხავდა, მაგრამ ეს იყო, კლასიკური გაგებით, ალაფის განაწილება, რაშიც მონაწილეობა არ მივიღეთ.
ადგილობრივი არჩევნები კი, სულ სხვა თემაა. აქ ხალხი ირჩევა და ჩვენი წილს აუცილებლად მივიღებთ, მისხალს არ დავუთმობთ არავის. სხვა ვითარებაა. საპარლამენტო ვიცოდით, რომ ბოროტება უნდა დაგვემარცხებინა, საპრეზიდენტო ცოტა გაუგებარი იყო, რადგან თვითონ ინსტიტუტია დავიწროებული, ამიტომ მოტივაციაც მაღალი არ გვქონია, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში, ბოდიში მომითხოვია, ადგილობრივში კბილებით უნდა ვიომოთ და ჩვენი ინტერესები დავიცვათ _ ჩვენი წევრები გავიყვანოთ დეპუტატებად, თუ დეპუტატებად ვერ გავიყვანთ, აღმასრულებელში გავუშვათ და ა.შ. პარტია უკვე პარტიული ქსელის შექმნაზე უნდა გადავიდეს. მით უმეტეს, გამგეობებში ,,ნაცები"" აღარ ეყრებიან.
რაც შეეხება ყრილობას, რატომ ვატარებთ ყრილობას მცირე შემადგენლობით და არა გრანდიოზულს. ჩვენ 12 ათასი წევრი გვყავს, ინვენტარიზაცია ჩავატარეთ, რამდენი წევრი შეგვრჩა ამ არახელსაყრელი ორი წლის განმავლობაში. არახელსაყრელში ვგულისხმობ იმას, რომ ხელმძღვანელობა არ ვჩანდით, არ ვაქტიურობდით და გარკვეულწილად, ზოგს მივავიწყდით, ზოგს შეიძლება მოვენატრეთ კიდეც. ისე, სჯობია მოენატრო, ვიდრე თავი მოაძულო. ინვენტარიზაციის შედეგად გავარკვიეთ, რომ 12 ათასი აქტიური წევრი გვყავს, ამდენი არავის ჰყავს. არ დაიჯეროთ... ამ ნაძალადევის კონფერენციაზე რომ შევიკრიბეთ, მმართველ პარტიას რომ ეძახიან, არის მათში ისეთები, რომლებიც ასეთი შემადგენლობით მთლიანად ყრილობას ვერ ატარებენ.
ზოგი პარტია ერთ მანქანაში ეტევა, ზოგიც _ ერთ მიკროავტობუსში. მათთან შეჯიბრი ჩვენი ამოცანა არ არის, ჩვენ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს. ქვეყნის სამსახური სხვა საქმეა, დროსტარება და ტელევიზორში გამოჩენა ჩვენი ამბავი არ არის. თუ ყველა გასულელდება ამ ქვეყანაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც გავსულელდეთ", - თქვა გუბაზ სანიკიძემ.