-
2014-03-17 17:10
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყირიმის რეფერენდუმს არ სცნობს და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს:
„უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში გამართული ე.წ. რეფერენდუმის გამო, რომელიც რეგიონის მომავალ სტატუსს უკავშირდება.
ასეთი ტიპის რეფერენდუმის გამართვას უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და მას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შედეგები. ამას გარდა, წარმოუდგენელია ვისაუბროთ თავისუფალი არჩევანისა და ხალხის ნების თავისუფალი გამოვლენის შესახებ იქ, სადაც მდგომარეობას აკონტროლებენ უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები.
საქართველომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მსგავსი ქმედება. რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი "რეფერენდუმებითა" და "არჩევნებით" ახორციელებს საოკუპაციო მმართველობას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში.
საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს ყირიმის ე.წ. რეფერენდუმს, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, არ აღიარებს ამ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.