-
2014-03-17 15:55
საინფორმაციო სააგენტო "ტოპნიუსის" ცნობით, ქუთაისის ცენტრში, სააპელაციო სასამართლოსთან მდებარე სკვერს ქალაქის მერია 450 ათას ლარად ჰყიდის, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.
ქალაქის სააპელაციო სასამართლოსთან არსებული სკვერის ფართობი 2 000 კვ.მეტრია.
გაპონოვის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი ტერიტორიის გასხვისებას არ დაუშვებენ, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოსახლეობას სკვერად აქვს მოწყობილი. მათი თქმით, საღამოობით სკვერში ბავშვები თამაშობენ და ერთობიან.
„არ დავუშვებთ ამ სკვერის გასხვისებას, 1990 წლის მერე გვაქვს აქ სკვერი მოწყობილი, რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა ვიკრიბებით, ვისვენებთ და დრო გაგვყავს. გოჩა თევდორაძემ ხომ გაყიდა ეს ქალაქი, ახლა თბილისიდან ჩამოსულ მურღულიას უნდა ქუჩებში შემოგვივარდეს და სკვერები გაგვიყიდოს?! ამას არ დავუშვებთ, ალბათ უნდათ ააშენონ სასტუმრო, ან რესტორანი“, - აცხადებს დალი მაისურაძე.
“ამ სკვერს ესაზღვრება რამდენიმე ქუჩა, ზაფხულში საღამოს აქ რომ გამოხვიდე, გული სიხარულით გაგევსება იმდენი ბავშვი და ახალგაზრდა სეირნობს და თამაშობს, რატომ უნდა გასხვისდეს ეს მაინტერესებს, ვიღაცეებმა ჯიბეში რომ ფული ჩაიდონ?!“, - აცხადებს ზაზა ზურაბიანი.
ქალაქის მერიაში კი განმარტავენ, რომ აღნიშნული ტერიტორია სკვერი, არც არასოდეს ყოფილა და ისინი ფართს, როგორც მიწის ნაკვეთს ისე ასხვისებენ.
“ეს არ არის სკვერი, ეს არის მიწის ფართობი, რომელსაც ქუთაისის მერია ვასხვისებთ მხოლოდ იმიტომ, რომ თანხები სოციალურ პროექტებზე მივმართოთ. ეს ტერიტორია არის ქუთაისის მერიის ბალანსზე და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ფართი გავასხვისოდ“, - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ.
topnews.com.ge