
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“, რომელიც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, მილიარერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დააფუძნა, აცხადებს, რომ მზადაა, ჟურნალისტები დაატრენინგოს.
ამის შესახებ ნათქვამია „მოქალაქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ის მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს მიმართავს თხოვნით, წერილობით აცნობონ, თუ რა კონკრეტული მიმართულებით სჭირდებათ ტრენინგების ჩატარება მათ მედიასაშუალებაში დასაქმებულ ჟურნალისტებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას აქვს საკუთარი შეხედულება, თუ რა მიმართულებით იქნება ტრენინგების ჩატარება მნიშვნელოვანი, საჭიროდ მიიჩნევს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია თავად მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისაგან, კონკრეტულად, რომელ საკითხებს თვლიან ისინი აქტუალურად და რაში საჭიროებენ მათდამი დაქვემდებარებული მედიაორგანიზაციების თანამშრომლები ცოდნის გაღრმავებას.
ასევე, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ, რამდენ ჟურნალისტს დასჭირდება ტრენინგების გავლა სხვადასხვა მიმართულებით.
მედიასაშუალების ხელმძღვანელებს ვთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდონ ორი კვირის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე info@mokalake.ge“, – აღნიშნულია განცხადებაში.