
ოფიციალური თბილისი არ აღიარებს ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს, რადგან მიიჩნევს, რომ ის საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფით ჩატარდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია:
"რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობა როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებათა ფარგლებში რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევით აიძულოს რუსეთის ფედერაცია, დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საწყის პოზიციებზე, დაუყოვნებლივ მოახდინოს მდგომარეობის დეესკალაცია ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან და ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან არსებული მდგომარეობის გადაჭრის გზების მოძიების საკითხში".