
„რუსთავი 2“-ის ეთერში 1-ლი იანვრიდან ახალი მუსიკალური შოუ - „გული მღერის'' იწყება. გადაცემის წამყვანები მომღერალი ნინო ჩხეიძე და მსახიობი ლაშა რამიშვილი იქნებიან.
როგორც „აფხაზეთის ხმასთან“ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, ნინო ჩხეიძე ამბობს, მაყურებელს, ყოველ შაბათს, 22:00 საათზე სხვადასხვა თემატიკის კონცერტს შესთავაზებენ.
„ვფიქრობ, რომ ეს იქნება გადაცემა, რომელიც დღეს საზოგადოებას ძალიან სჭირდება, რადგან დიდ პოზიტივს შემოიტანს და მაყურებელს მისცემს საშუალებას, ყოველ შაბათ საღამოს, ჩართოს „რუსთავი 2“, დაისვენოს, გაერთოს და მოუსმინოს თავის საყვარელ შემსრულებლებს”, - ამბობს ნინო ჩხეიძე.
მისი თქმით, გადაცემის სახელიც, „გული მღერის'', ზუსტად ისეთია, რომ ყველა ადამინის გულთან გაივლის - „ჩვენ გვინდა, რომ ის სიმღერები მოვასმენინოთ ხალხს, რომლებიც მათ ძალიან უყვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანის ოჯახში და გულამდე მივა ეს გადაცემა და სწორედ ესაა ჩვენი გადაცემის მიზანიც“.
მომღერალმა ,,აფხაზეთის ხმასთან” მის თანაწამყვანზე, ლაშა რამიშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი სატელევიზიო დუეტი ძალიან მოსწონს.
„რაც შეეხება ჩემს თანაწამყვანს - ლაშა რამიშვილს, ის გადაღების დროს ძალიან მზრუნველი და კომფორტულია, რა თქმა უნდა, არის უნიჭიერესი მსახიობი და წამყვანი. ძალიან მომწონს ჩვენი დუეტი, როგორც გადაცემის წამყვანების“. - ამბობს ნინო.
პირველი, საახალწლო გადაცემის ანონსი შეგიძლიათ ნახოთ „გული მღერის“ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე და სხვა სოციალურ პლათფორმებზე.