
ერთ-ერთი წარმატებული მიუზიკლის MAMMA MIA-ს დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა რადიო ,,აფხაზეთის ხმას“ არსებულ მიუზიკლსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტზე ესაუბრა.
- რაც თქვენ შექმენით, არის სიახლე, ახალი სპეციფიკა, ახალი სტილი, საზოგადოებას ყოველთვის განსხვავებული დამოკიდებულება უჩნდება სიახლის მიმართ, როგორ ფიქრობთ, როგორ მიიღო სოციუმმა თქვენი მიუზიკლი და როგორი ემოციური უკუკავშირი მიიღეთ მათი მხრიდან?
- გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე მქონდა მოლოდინი, რომ ქართველი მაყურებელი ამას მიიღებდა. თავისთავად ეს იყო ექსპერიმენტი, რომელიც ან გაამართლებდა, ან-არა, ვფიქრობ, გაამართლა და თურმე ამისი დანაკლისი გვქონია.
- სიახლემ და ახლის შემოტანამ ცხადია, განსხვავებული სამუშაო პროცესი მოითხოვა, რამდენად საინტერესო, რთული თუ სასიამოვნო იყო თქვენთვის და გუნდისთვის ამ პროექტზე მუშაობის პროცესი?
- ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რადგან ეს არ არის ისეთი პროცესი, როგორიც დგება ხოლმე დრამატულ თუ პროფესიულ თეატრებში. ჩვენთან ყველაფერი ერთდროულად უნდა მოხდეს და ყველა პროცესი ერთდროულად უნდა დასინქრონდეს, ეს არ არის ადვილი პროცესი, აქ ძალიან ბევრი ნიუანსი და დეტალია, რომელსაც შეიძლება, სხვა მდგომარეობაში ყურადღებას არ ვაქცევდეთ, მაგრამ აქ ყველაფერი ძალიან ზუსტად უნდა იყოს გათვლილი. რთული პროცესია, შექმნაც, მოფიქრებაც. რა თქმა უნდა, ესა თუ ის შოუ აუცილებლად უნდა იყოს იმ პროცესის ნაწილი, რომელსაც ამ თეატრის იდეა და კონცეფცია შეადგენს. შრომითი ნაწილი, ალბათ, ყველგან ერთნაირია, თუმცა ძალიან საინტერესოა.
- რას ველოდოთ ახლო მომავალში?იგეგმება რაიმე კვლავ ახლებური და განსხვავებული ?
- ჩვენ სამომავლო გეგმები არ გვიჩერდება, ჩვენ სულ ვქმნით. გარდა იმისა, რომ შევქმენით კონკრეტული მიუზიკლი, ჩვენთან მუდმივად იმართება სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციები, საღამოები, დაჯილდოვებები და სხვადასხვა ივენთები, რადგან ჩვენი თეატრი არის სივრცე, სადაც შეიძლება ყველა ტიპის ივენთი გაიმართოს და ჩვენ ამისთვის ყოველ დღე ვქმნით სხვადასხვა ტიპის პროდუქტს. პროდუქცია მუდმივად მოძრაობაშია, სულ იქმნება.
- აპირებთ თუ არა კვლავ რაიმე მასშტაბურის და ყველასთვის კარგად ნაცნობის ახალი, ქართული ვარიანტის შექმნას?
- ყველაზე მეტად ვფიქრობ ხოლმე ქართულზე. სამწუხაროდ, დიდი არჩევანი არ გვაქვს მიუზიკლებში, ვიცით რამდენიმე მიუზიკლი, რომელიც გენიალური და არაჩვეულებრივია, მაგალითად: „ქეთო და კოტე“, „ვერის უბნის მელოდიები“, მაგრამ მაინც ძალიან დიდი ინტერესი მაქვს, შეიქმნას ახალი, ქართული და ძალიან საინტერესო ამ მიმართულებით. სხვადასხვა კომპოზიტორთან ვმუშაობ და ვაგრძელებ ძიების პროცესს, რომ რაიმე ახალი დაიბადოს, თუმცა მე არ ვიტყვი იმას, რომ ჩვენს სცენაზე არ იქნება, მაგალითად „ქეთო და კოტე“, თუმცა ამასთან ერთად ახალს ვქმნით. 26 მაისს გვინდა გავუშვათ ახალი პრემიერა, ეს იქნება ქართული პროდუქტი, გვინდა მოვყვეთ საქართველოს ისტორიას და ეს იყოს შეჯერებული ქართული ცეკვითა და სიმღერით, ამაში ჩართულია ანსამბლი „სუხიშვილები“, მათგან გვექნება ქორეოგრაფიული ნაწილი. ასევე, შევქმენით გუნდი, რომელიც გააჟღერებს ყველა იმ გენიალურ მუსიკალურ ნაწარმოებს, რასაც ფოლკლორული ჰქვია თუ ჩვენი გენიალური კომპოზიტორების მიერ შექმნილი, ასევე ჩართულია მარიამ როინიშვილი, ისტორიას მოგვიყვება აკა მორჩილაძე და იმედია, სანახაობრივადაც საინტერესო გამოგვივა.
ავტორი: სალომე ანდღულაძე