-
2022-07-18 15:50
ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მომღერალი თიკა ფაცაციამ შრომისმოყვარეობასა და წარმატებაზე ისაუბრა.
"მე ვფიქრობ, შრომა აუცილებელია. ძალიან მიყვარს შრომისმოყვარე ადამიანები,
მაგრამ იღბალიც საჭიროა. ის შრომა მერე შეიძლება, სადღაც უცებ „გავარდეს“, კარგი გარემოებებიც უნდა დაემთხვეს, რომ ეს ნაშრომი სადღაც გამოჩნდეს, დაინახონ ან გამოადგეს ვინმეს. ვაფასებ მშრომელ ადამიანებს, ასეთიც უნდა ვიყოთ, მაგრამ იღბალიც უნდა დაგვეხმაროს და ხელი წაგვაშველოს.
შემიძლია ვთქვა, რომ შრომისმოყვარე ადამიანი ვარ. ძალიან მიყვარს მუშაობა. ვშრომობ მანამ, სანამ არ მივიღებ იმის საუკეთესო ვერსიას, რაზედაც ვმუშაობ, მათ შორის, საკუთარ თავზე მუშაობასაც ვგულისხმობ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ნიჭიერებაც მეხმარება.
ალბათ, ჩვენ ვართ ის, რასაც ბავშვობაში გვასწავლიან, რასაც ჩადებენ ჩვენში. ჩვენ ხომ ბავშვობაში ნანახ მაგალითებზე ვიზრდებით. ზუსტად ასეა ჩემს შემთხვევაშიც. მე სახლში მასწავლეს, რომ ვყოფილიყავი შრომისმოყვარე. ჩემს სახლში უზომოდ აფასებდნენ მშრომელ ადამიანებს, რა სფეროს წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო ის. ზუსტად აქედან მოდის ჩემი დამოკიდებულებაც. ასე რომ, ვფიქრობ, ოჯახი განსაზღვრავს თითქმის ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ არის კიდევ სხვა შემთხვევაც. რაღაც, რაც ძალიან არ მოგწონს, თუნდაც საკუთარ ოჯახში, იმაზე მუშაობ, ხვეწ და უკეთესს ხდი. შრომა არის ერთგვარი ბაზა რაღაცისთვის. შეიძლება, რაღაც კონკრეტული მიმართულებით განვითარება, ზრდა თუ ენერგიის ჩადება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ათი წლის შემდეგ ძალიან გამოგვადგეს. ასე რომ, რასაც გავიღებთ, ის აუცილებლად დაბრუნდება."- ამბობს ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია