
საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა სპეციალური სქემა და სავარაუდოდ, 1 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობის სახით უკანონოდ მიიღო,-პროკურატურის ამ ბრალდების საფუძველზე 22 პირი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
10 მარტს თელავის სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა ოცდაორივე პირი და სისხლის სამართლის საქმე საერთოდ შეწყვიტა,-ინფორმაციას ამის შესახებ ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს.
გამოცემის სტატიაში ნათქვამია: კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის მანანა თანდაშვილის განცხადებით, 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საფინანსო სამსახურის უფროსი ავთანდილ შერმადინი ახდენდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაყვანილ მოქალაქეებზე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გაცემას მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ მოქალაქეებს იმავე დღეს გაეხსნათ პირადი ანგარიშები, გადაცემული თანხები შეეტანათ ანგარიშებზე და შემდგომში გადაერიცხათ, თითქოს შემოწირულობის სახით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში 22 პირი აღიარებს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ საფინანსო სამსახურის უფროსთან ავთანდილ შერმადინთან დაიბარეს. შერმადინმა თითოეულ მათგანს 40–დან 60 ათასამდე ლარი გადასცა. შერმადინის დავალების თანახმად, მათ ბანკში იმავე დღეს გახსნეს ანგარიშები, აღნიშნული თანხა შეიტანეს პირად ანგარიშებზე, რის შემდეგაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გადაურიცხეს შემოწირულობის სახით.
პროკურატურამ ბრალი 22 ადამიანს წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი რაოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 9–დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
10 მარტს, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა წიკლაურმა არ დააკმაყოფილა კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ. 22–ვე ბრალდებულის მიმართ მოსამართლემ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
მოსამართლე მამუკა წიკლაური განჩინებაში მიუთითებს: სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით არ დადგენილა, რომ ავთანდილ შერმადინმა თანხები, რომელიც გადასცა ბრალდებულ პირებს, ის იყო შემოსავალი, რაც მოიპოვა დანაშაულებრივი გზით.
ალბათ, სწორედ ამიტომაც არ იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმ პირებთან ერთად, რომლებსაც ბრალად წარედგინათ შერმადინის თანამონაწილეობით ფულის გათეთრება და ბრალდების მხარეს ამ კუთხით არ უმსჯელია. შერმადინის ბრალეულობაზე საქმის მასალებში არ მოიპოვება კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც ადასტურებს შერმადინის მიერ ფულადი თანხის დანაშაულებრივი გზით მოპოვებას“.
თელავის სასამართლოს განმარტებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლეოდა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირებმა ჩაიდინეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახე – გირაო და შესაბამისად, 22-ვე ბრალდებულს გირაოს თანხაც უკან დაუბრუნდა.
კახეთის საოლქო პროკურატურა თელავის სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მომზადებულია "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" მიხედვით