
The Washington Post-ი წერს, რომ ქალი, რომელსაც პოსტკოვიდური სიმპტომები აწუხებდა ამბობს, რომ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 36 საათის შემდეგ, ეს სიმპტომები უკვალოდ გაქრა.
34 წლის არიანა აიზენბერგი ამბობს, რომ COVID-19-ის გადატანიდან რვა თვის შემდეგაც ტანჯავდა კუნთების ტკივილი, უძილობა, დაღლილობა და მეხსიერების პრობლემები. ასეთი სიმპტომები დამახასიათებელია ე. წ. ხანგრძლივი კოვიდისთვის.
თუმცა, როგორც მან The Washington Post-ს უთხრა, COVID-19-ის ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 36 საათის შემდეგ, ყველა ეს სიმპტომი გაქრა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა მკვლევარი დანიელ გრიფითი გამოცემა The Verge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი ხანგრძლივი კოვიდის პაციენტების თითქმის მესამედმა ვაქცინაციის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ დაიწყეს საუბარი.
როგორც მკვლევრები იუწყებიან, ვაქცინიერებულებს „ხანგრძლივი კოვიდის მცირე ზოგადი გაუმჯობესება“ აღენიშნათ.
თუმცა, მკვლევრები იქვე მიუთითებენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება პლაცებოს ეფექტი იყოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მხოლოდ ერთია ხანგრძლივი კოვიდის შესახებ გავრცელებული უცნაური ამბების სერიიდან.
3 მარტს, Kaiser Health News-ი წერდა, რომ გასულ თვეში COVID-19-ის გადატანის შემდეგ, 15წლის მოცეკვავეს განუვითარდა ფილტვების დაავადება COPD, რომელიც ძირითადად ხანდაზმულებში გვხვდება.
ხანგრძლივი კოვიდის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის კონგრესმა ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტს ამის შესასწავლად ერთი მილიარდი დოლარი გამოუყო.