
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 70 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების განმარხებული საბუდარი იპოვა, რომელშიც რვა სხვადასხვა დინოზავრის ნაშთია.
განმარხებული კვერცხები საშუალო ზომის ოვირაპტორს ეკუთვნის, რადგან ბუდეში თავად დედა დინოზავრიც არის განმარხებული. სულ მცირე შვიდი კვერცხი გამოჩეკვის პირას ყოფილა და შიგნით დღემდე შემორჩენილია ემბრიონები.
„ამ სახის აღმოჩენა, განსაკუთრებით განმარხებული ქცევა, უიშვიათესია დინოზავრებში. მართალია, რამდენიმე ოვირაპტორი ბუდეში კვერცხებთან ერთად აქამდეც არის აღმოჩენილი, მაგრამ კვერცხებში ემბრიონები არასოდეს გვიპოვია“, — ამბობს კარნეგის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგი მეტ ლამანა.
ერთ-ერთი კვერცხი სავარაუდოდ სრულყოფილ ჩონჩხსაც შეიცავს — ხერხემლით, ნეკნებით, მხრის ძვლებით, ოროვე თეძოთი და ბარძაყით, გამრუდებულ პოზიციაში მყოფი წვივებით.
„ამაღელვებელია იმაზე ფიქრი, რამდენი ბიოლოგიური ინფორმაციაა შენახული ამ ერთ ნამარხში. ამ ეგზემპლარის კვლევას კიდევ მრავალ წელს მივუძღვნით“, — ამბობს პეკინის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიისა და პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტის პალეონტოლოგი სინგ სუ.