
"ქართული ოცნების" დღევანდელი რადიკალური გუნდის მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება, თუნდაც ეს მოხდეს ქვეყნის დანგრევის ხარჯზე. ეს არის ცუდი სიგნალი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს
მისი თქმით, ფუნდამენტურად ცდება ის, ვისაც ჰგონია,რომ დღეს ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება რაიმე ფორმით კრიზისს განმუხტავს.
"ამ პარლამენტს თავად აქვს ლეგიტიმურობის პრობლემა, პარლამენტს თავად აქვს პრობლემა,რომ არ ასახავს ხალხის ნებას არჩევნების შედეგად, ამიტომ, ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერი ვინც არ უნდა იყოს, ვერ და არ იქნება ის ფიგურა, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს. რაც შეეხება კონკრეტულად ირაკლი ღარიბასვილს , თუ ამ გუნდს და "ქართული ოცნების" რადიკალურ ჯგუფს, რომელიც დღეს ვითარებას მართავს, იმედი აქვს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებით დაბრუნდება წარსული და ის ყველაფერი, რაც ხდებოდა 2014-2015 წლებში მათი მხრიდან, ეს იქნება საბედისწერო ილუზია, იმიტომ, რომ ის, რაც ხდებოდა, ვეღარ დაბრუნდება. დღეს, არც ქართული საზოგადოება და არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები არ დაუშვებენ იმას, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს და მოხდეს ის ყველაფერი, რაც წარსულში ხდებოდა. ნებისმიერი მცდელობა, უბიძგოს საზოგადოებას მეტი დაპირისპირებისკენ, მეტი უფრსკრულისკენ, ჩატეხილი ხიდისკენ და ძალადობისკენ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს, დამღუპველი იქნება "ქართული ოცნებისთვის", დამაზიანებელი ქვეყნისთვის და ხალხისთვის", - აცხადებს ბაქრაძე
მისი თქმით, ხელების გადაგრეხვით ქვეყანა წინ ვერ წავა და ამით მხოლოდ "ქართული ოცნება" დაღუპავს საკუთარ თავს. ბაქრაძე ამბობს,რომ გზა გადის მხოლოდ დიალოგსა და მშვიდობიან პროცესზე.
"ვიმედოვნებ, რომ ვინც არ უნდა იყოს "ქართულ ოცნებაში", საღი აზრის მქონე ადამიანები, ისე როგორც ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ დაუშვებენ პროცესის უფრსკულისკენ წასვლას, თუმცა თავისთავად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა და ნომინირება არის სწორედ სიგნალი იმისკენ, რომ სამწუხაროდ, დღეს, "ქართულ ოცნებაში" არ უნდათ ამის გააზრება. "ქართული ოცნების" დღევანდელი რადიკალური გუნდის მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება, თუნდაც ეს მოხდეს ქვეყნის დანგრევის ხარჯზე. ეს არის ცუდი სიგნალი", - განაცხადა ბაქრაძემ.