
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საჯარო მოხელეების რიცხვი თითქმის ორჯერ არის გაზრდილი და „ქართული ოცნება“ საარჩევნო წლებში საჯარო მოხელეების რიცხვს მიზანმიმართულად, საკუთარი აქტივისტებისა და ოჯახის წევრების ხარჯზე ზრდის.
როგორც ნადირაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჯარო მოხელეების რიცხვის ზრდას ამ თვეებში, არჩევნების წინ კიდევ უნდა ველოდოთ, თუმცა ამ შემთვევაში „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსით „ფონს ვერ გავა.“
„საჯარო მოხელეების რიცხვი გაზრდილია თითქმის ორჯერ იმ საანგარიშო წლებში, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეების რიცხვი იზრდებოდა საარჩევნო წლებში, რაც მიუთებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო წლებში მიზანმიმართულად ზრდის საჯარო მოხელეების რიცხვს საკუთარი აქტივისტების, ოჯახის წევრების ხარჯზე, რომ შემდეგ ეს ადამიანები გამოიყენოს არჩევნებზე, როგორც ერთგული არმია, რომელიც მუდმივად „ქართულ ოცნებას“ აძლევენ ხმას. ასეთ ვითარებაში ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები არიან და საჭიროებენ სამსახურს, არ რჩებათ შანსი, რომ დასაქმდნენ საჯარო სექტორში და ეს სექტორი საკუთარი ოჯახის წევრებისთვის აქვს გამოყოფილი „ქართულ ოცნებას“. ალბათ კიდევ უნდა ველოდოთ საჯარო მოხელეების რიცხვის ზრდას ამ თვეებში, იმიტომ, რომ წინ კიდევ ერთი არჩევნები გვაქვს. მე მინდა გავაფრთხილო „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, რომ ამ შემთვევაში ადმინისტრაციული რესურსით ნამდვილად ვერ გავლენ ფონს და გვექნება ვითარება, როდესაც მათ მიერ დასაქმებული საჯარო მოხელეებიც კი არ მისცემენ ხმას,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.