
„ძალიან ვწუხვარ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ დღესაც საკუთარი დამოუკიდებლობა გამოავლინა და ეროვნული დროშებიც კი არ არის გამოფენილი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბოკერიას თქმით, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ხელისუფლებას შეეძლო გარკვეული ღონისძიებების ჩატარება.
„მე მესმის, რომ არ არის ტიპური ვითარება და გამოწვევაა ჯერ კიდევ პანდემიის, მაგრამ რაღაც ღონისძიებების გამართვა და ხაზის გასმა თუ როგორი საზეიმოა ეს დღე, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მთავრობა გვყავს და ამაზეც კი არ იზრუნა და ეროვნული დროშები არ არის ჩვენს ქუჩებში გამოფენილი. ეს მაინც ხომ შეიძლებოდა გაკეთებულიყო? რომ ამ დღის მიმართ ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჩანდეს. ასეთ დღეს არ მიყვარს ხოლმე პოლიტიკური კრიტიკის ჩართვა, მაგრამ იმდენად აშკარაა ეს ვითარება, რომ აუცილებლად უნდა აღინიშნოს“. - განაცხადა ბოეკრიამ.
მან საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა 26 მაისი და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობა საქართველოსთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია.
“ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ დღეს, როდესაც ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება, რომ ყოფილიყო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა და თვითონ აერჩია საკუთარი მომავალი. ამ დიდ დღეს მოჰყვა არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ბოლშევიზმს და თავისი არჩევანი გააკეთა ცივილიზებული, ევროპული ტიპის პარტიების სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ეს არჩევანი სისხლში ჩაახშო სტალინისტურმა საბჭოთა რუსეთმა და მოგვისპო ნორმალური ცხოვრების შანსი. ამიტომ, დღევანდელ დღეს როცა აღვიშნავთ უნდა გვახსოვდეს, რომ გავუფრთხილდეთ ამას, როგორც ყველაზე დიდ მონაპოვარს, რომელიც ჩვენ დავიბრუნეთ საბჭოთა კავშირის დანგრევისას და არასდროს არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი თავისუფლება ვინმემ წარგვართვას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.