
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის ტრანზიტიდან რუსეთიდან სომხეთში, ვის ინტერესებში იყო ეს, რატომ შეიცვალა ხელშეკრულება“, - განაცხადა გოცირიძემ.
მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოსვლის დღიდანვე ძალიან მჭიდრო, თბილი და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა „გაზპრომთან“.
"ჩვენ არ გვჭირდება რუსული გაზი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე დამთავრდა მეორე, ძალინ დიდი პრექტი "შაჰდენიზ 2"და უკვე, სქართველოს ტერიტორიაზე გადის დამატებითი გაზი, რომელიც შედის თურქეთში და შემდეგ, მოგვიანებით ის წავა ევროპისკენ. ჩვენ გვაქვს ყველანაირად საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ სქართველომ რუსეთის გარეშე 100%-ით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.დღეს, ჩვენ ვხედავთ სტატისტიკით, რომ 2019 წელს 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი შეიძინა საქართველომ რუსეთისგან.რატომ?! ან რატომ ვაგრძელებთ ხელშეკრულებას რუსეთთან კვლავ იმ კაბალური პირობით, როდესაც ფაქტობრივად, ტრანზიტისთვის გადახდილი ფული ეყოფა მხოლოდ და მხოლოდ ამ ტრანზიტისათვის საჭირო ხარჯებს და წელიწადში 20 მილიონი დოლარი დავკარგეთ ხელშეკრულების ფორმის შეცვლით. ამაზე პასუხი უნდა აგოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. არ გვჭირდება ჩვენ არც რუსული გაზი და თუკი საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებს რუსეთი სომხეთისთვის გაზის მისაწოდებლად, ეს ხელშეკრულება კაბალური არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ხელშეკრულება ქვეყნისთვის არის წამგებიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან რაღაც სარგებელს იღებენ ჩინოვნიკები. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, რომელიმე კერძო პირების სასარგებლოდ გაფორმებული კონტრაქტი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.