-
2020-05-26 12:11
26 მაისის აღსანიშნავად, რუსთავის ქუჩები სახელმწიფო დროშებით მოირთო.
მათივე ინფორმაციით, დროშების მორთვასთან ერთად, ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“, ქალაქის მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ჰიმნი შეასრულა. ანსამბლის წევრებს და რუსთაველებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
„მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ რუსთაველებსა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს, სამშვიდობო მისიების მონაწილე ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომელტაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მინდა უღრმესი პატივისცემით გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და ქედი მოვიხარო მათი სახელების წინაშე. ქვეყნის დამოუკიდებლობა, ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია, რომელსაც მოფრთხილება და დაცვა სჭირდება თითოეული ჩვენგანისგან, ეს დღე ჩვენია“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები, სხვა ქალაქების მსგავსად, წელს რუსთავშიც არ გაიმართა.