-
2020-05-26 11:33
„სოციალ-დემოკრატები" საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო აშკარაა, რომ დამოუკიდებლობა მთელი ქვეყნის ერთიან მოქმედებას მოითხოვს.
„ყველას ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის მუდმივი შეხსენება ჩვენი სუვერენულობისა და იმისა, რომ ის არ მოიპოვება ერთხელ, არამედ არ უნდა მივეცეთ კმაყოფილებას და არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერთხელ მოპოვებული დამოუკიდებლობა მუდმივად საჭიროებს შრომას, მოქმედებას და ხშირად ბრძოლასაც. დღეს მიმდინარე პანდემიის ფონზე კიდევ უფრო აშკარაა, რომ დამოუკიდებლობა მოითხოვს მთელი ქვეყნის ერთიან მოქმედებას. სოლიდარობის, მოქალაქეებზე ერთიანი ზრუნვის, საერთო საქმის კეთების გარეშე სახელმწიფო და პატრიოტიზმი ვერ იარსებებს, ხოლო დამოუკიდებლობა ვერ შეიძენს იმ მუხტს, რომელიც ერთობლივი მოქმედებისკენ ადამიანების მობილიზებას ახდენს.
დამოუკიდებლობას დემოკრატიული სახელმწიფო ინარჩუნებს იმ შემთხვევაში, თუ ეს სახელმწიფო არის ყველა მოქალაქისთვის და არა ცოტასთვის. თუ სახელმწიფო აკეთებს ყველას საქმეს და ცდილობს ყველა მოქალაქეს შეუქმნას კეთილდღეობის პირობები. მეორეს მხრივ კი შეუძლებელია სრულყოფილი დემოკრატიის არსებობა იქ, სადაც ცოტას აქვს ძალიან ბევრი, ხოლო ბევრს - ძალიან ცოტა. ამ ეპიდემიამ ჩვენ დაგვანახა, რომ ჩვენი სახელმწიფო შესაძლოა იძულებით, მაგრამ მაინც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც მას არ გადაუდგამს 30 წლის განმავლობაში. იწყებს საერთო საქმის კეთებას. დღეს სახელმწიფო ცდილობს ყველას ჯანდაცვაზე ზრუნვას და ყველასთვის მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფას. მაგრამ, ამას ვერ აკეთებს სრულყოფილად, რადგან არ გააჩნია საკმარისი ინსტიტუციური მზაობა, კვალიფიკაციური კადრები და შემოსავლები, რამდენადაც აქამდე გაბატონებული, მცირე სახელწმიფოს კონცეფციის იდეოლოგიის ტყვეობაში იმყოფებოდა.
თუ გვინდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, დღეს ამის გააზრებისთვის საუკეთესო დროა, მაგრამ უარი უნდა ვთქვათ იმ სახელმწიფოზე, რომელიც ინდივიდებს მარტო ტოვებს, იმ სახელმწიფოზე, რომელიც ცოტასთვისაა და არა ყველასთვის, იმ სახელწმიფოზე, სადაც არიან ცოტა გამარჯვებულები და ბევრი დამარცხებული, იმ სახელწმიფოზე, რომელშიც ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა არაა მთავარი გამაერთიანებელი. თუ გვსურს დამოუკიდებლობა, უნდა შევცვალოთ ასეთი სახელმწიფო.
ჩვენ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელიც ვერ დამთავრდება. ჩვენ არ შეგვიძლია კარჩაკეტილი ცხოვრება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს საკუთრი ინტერესები. დღევანდელი გლობალიზებული სამყაროს პირობებშიც არსებობს სივრცე და ნიშა, სადაც შესაძლოა საკუთარი ინტერესების გატარება, თუმცა ამისთვის უნდა გარდავქმნათ ჩვენი სახელმწიფო!“,-აღნიშნულია „სოციალ-დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.