
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვეტერანებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სულ 370 ვეტერანია დარჩენილი, რომლებმაც ცხოვრების საუკეთესო წლები უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალიეს.
„მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი გამარჯვების დღე. დღეს ნამდვილად ძალიან დიდი დღესასწაულია- დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავი. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს და ყველა ვეტერანს მთელს მსოფლიოში და მათი ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ, 370 ადამიანიღა დარჩა საქართველოში ამ ომის მონაწილე, გუშინ ერთი გარდაიცვალა და დარჩა 370. ამ ადამიანებმა თავისი ახალგაზრდობა, თავისი საუკეთესო წლები შეალიეს ჩვენი უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას. ქედს ვიხრი მათ წინაშე, ეს ნამდვილად ძალიან დიდი დღეა მათთვისაც და ჩვენთვისაც და მინდა, რომ ვუსურვო მთელს მსოფლიოს, რომ არასდროს ის საშინელება, რაც 75 წლის წინ დასრულდა, მსოფლიო ხალხებს აღარ გადაეტანოთ. საქართველომ ამ ომში ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა. ყოველი მეხუთე ადამიანი წავიდა საქართველოდან ფრონტზე ამ ომის დროს -700 ათასი კაცი და აქედან 300 ათასი არ დაბრუნდა. თითქმის არც ერთი ოჯახი არ არის საქართველოში, რომელსაც მსხვერპლი არ ჰქონდეს გაღებული ამ ომში. ჩვენ ძალიან ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ. ჩემი დიდი ბაბუა ქერჩშია დაღუპული 23 წლის ასაკში და არც ვიცით სად არის დაკრძალული, შეიძლება აქ უცნობი ჯარისკაცის საფლავში განისვენებს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან ამასთანავე, აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, განვითარებული, ერთიანი და ისეთი, როგორიც ჩვენს წინარებს უნდოდათ რომ ის ყოფილიყო.
ბურჯანაძემ მთავრობასაც მიმართა და მოუწოდა „ლაპარაკის ნაცვლად საქმეც გააკეთონ“ და 370 ვეტერანს ეს დღე ღირსეულად აღუნიშნონ და სამამულო ომის დასრულების 75 წლისთან დაკავშირებით მათ „სერიოზული საჩუქარი მოუმზადონ“.