
ჩვენ ელჩს უკრაინიდან რა თქმა უნდა, გამოვიწვევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ მათთან ან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ან სტრატეგიულ პარტნიორობას, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოძახებასთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი გახარია განმარტავს, ელჩის გამოძახება მხოლოდ იმის გამო მოხდება, რომ კონსულტაციები გაიარონ იმასთან დაკავშირებით, თუ „როგორ დაიცვან ავანტიურისტებისგან უკრაინასთან ურთიერთობები“.
„საქმე არის შემდეგში, რა თქმა უნდა, ქართველები და უკრაინელები ვართ არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ გვაკავშირებს ბევრი წლების თანამშრომლობის ისტორია. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს შორის ძმობას კითხვის ნიშნის ქვეშ ცალკეული აღებული, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო არ დავაყენებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ, ან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ან სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ელჩს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გამოვიწვევთ, რომ კონსულტაციები გავიაროთ იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები იმ ავანტიურისტებისგან, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ სტრატეგიული ურთიერთობები და ძმური ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან ამ ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა.