
ჩვენმა ძალისხმევამ პირველადი მავნებლური გეგმა, ეკონომიკის გახსნის სამი თვით გადავადებით, შეცვალა და გადმოწია საზღვრების გახსნის ვადა 1 ივლისისათვის, როცა წლის ბოლოს აპირებდნენ გახსნას, მაგრამ ეშმაკი ყოველთვის დეტალებშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე,- ასე ეხმაურება „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, საჯარო გახდეს ყველა ეპიდემიური უსაფრთხოების სტანდარტი, როგორც ქართული ბიზნესისათვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისათვის, რომ ვიცოდეთ, ჩვენ რა უსაფრთხოების სტანდარტები უნდა დავიცვათ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ გამოქვეყნდეს უცხოელების მიერ საზღვრის გადაკვეთის და ტესტირების ალგორითმი, ანუ ე.წ „კოვიდ პასპორტის" გაცემის ალგორითმი, რომ თითოეულმა უცხოელმა, რომელიც გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, იცოდეს კონკრეტულად რა შემოწმების პროცედურა უნდა გაიაროს.
ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახმელეთო საზღვრებზე, ასევე საჰაერო საზღვრებზე იმ აეროპორტებთან მოლაპარაკება, საიდანაც წამოვა ეს რეისები, ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები, ჩვენ ამ საკითხზე არაფერი არ ვიცით. არ შეიძლება დავრჩეთ გახარიას სლაიდების იმედად. რომელშიც როგორც წესი არანაირი შინაარსი არ არის და მერე ერთი თვე გვჭირდება გავერკვიოთ საერთოდ რა ხდება ამ სიტუაციაში.
მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, ჩვენ შევძელით და შევატრიალეთ სწორი მიმართულებით პროცესი, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, იგივე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, ავტომობილებში მძღოლის გვერდით წინა სავარძლის დაკავებასთან დაკავშირებით, კომენდანტის საათთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი საკითხია, ამიტომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ იმისათვის, რომ სამწუხაროდ იმ ვითარებაში ვართ, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადადგას ქვეყნისათვის, საზოგადოებისათვის, ქართული ბიზნესისათვის საჭირო ნაბიჯები და არ იყოს მხოლოდ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებით შემოფარგლული.
გულწრფელად გეტყვით, როდესაც ჩვენ ორშაბათს გავაკეთეთ პრეზენტაცია, მათ ცალსახად დაინახეს საზოგადოების გამოხმაურება ჩვენს გეგმასთან დაკავშირებით და მიხვდნენ, რომ არ ჩავარდნილიყვენენ იგივე ტესტირების თვალსაზრისით რაც მოუვიდათ თავის მართლების რეჟიმში, აგვყვნენ ამ გეგმაში, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ.
კიდევ ვიმეორებ, ორი მნიშვნელოვანი საკითხი: ეპიდემიური უსაფრთხოების სტანდარტები ნათელი, ცალსახა ყველასათვის ხელმისაწვდომი, ასეთი დოკუმენტი ჯერ არ არსებობს არ გვინახავს და ამას სერიოზული კამპანია სჭირდება. მეორე ეს არის საზღვრის გადმოკვეთის ალგორითმი უცხოელებისათვის, ტესტირების ალგორითმი ანუ კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი. მესამე უნდა დაიწყოს პიარ კამპანია იმისათვის, რომ მივიღოთ უცხოელი ტურისტები,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.