
როდესაც დადგება დღის წესრიგში განვიხილოთ ის, თუ როგორ გარემოში უნდა ჩატარდეს არჩევნები, მზად ვართ, კონსულტაცია გავუწიოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის უწყებას აქვს საკმარისი დრო არჩევნებამდე იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელება მართოს. ამ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენებს.
„არჩევნებამდე ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ ეფექტურად ვმართოთ ინფექციის გავრცელება. ასევე გვაქვს მოლოდინები, როგორი შეიძლება იყოს ინფექციის გავრცელება უკვე შემოდგომაზე. ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ დაკვირვებას და გავცეთ რეკომენდაციებს როგორც საჯარო სტრუქტურებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის, ვინაიდან იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხდება დაგეგმარება ეკონომიკური სექტორის გაშლის. ჩვენი შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად სწავლობს თითოეულ გარემოს, სადაც ადამიანებს მოუწევთ მუშაობა. როდესაც დადგება დღის წესრიგში განვიხილოთ ის, თუ როგორ გარემოში უნდა ჩატარდეს არჩევნები, მზად ვართ, გავუწიოთ კონსულტაცია“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე, რათა არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შესაბამისი ზომები განისაზღვროს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ოქტომბერში, არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. შესაბამისად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ამ კუთხით არსებული ბუნდოვანება გაფანტოს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა არჩევნებში მონაწილეობის რამდენიმე მეთოდს განიხილავს, მათ შორის დისტანციურად ხმის მიცემას (ელექტრონულად ან ფოსტით), ხმის მიცემის პროცესის არჩევნების რამდენიმე დღეზე გადანაწილებას და სხვ.